მაიკ პომპეო რუსეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს, დღეს, სოჭში შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 14 მაისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სოჭში შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ პომპეომ 13 მაისს, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გაადადო. მიზეზი ირანის შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრა იყო, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრის რანგში, ეს რუსეთში პომპეოს პირველი ვიზიტი იქნება. ფინეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, სოჭში ჩანიშნული ვიზიტი ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრად მოიაზრება.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საკითხები, რომლებსაც პუტინისა და პომპეოს შეხვედრაზე განიხილავენ, მოიცავს იარაღის კონტროლს, ვენესუელის კრიზისს, უკრაინაში, სირიასა და ირანში არსებულ კონფლიქტებს. ყველა ამ საკითხთან მიმართებით, ვაშინგტონი და მოსკოვი განსხვავებულ პოზიციაზე დგანან.
“საწყისი პოზიცია, რომელიც რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის განხილვისას უნდა გვქონდეს, ეფუძნება იმ გარემოების გულწრფელ აღიარებას, რომ რუსეთმა გლობალურ ასპარეზზე აგრესიული და დესტაბილიზაციის გამომწვევი ნაბიჯები გადადგა” – განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.
პირმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობდა, დასძინა, რომ პომპეოს ვიზიტი წარმოადგენს “შესაძლებლობას, მკაფიოდ განემარტოს რუსეთის მთავრობას ეს საკითხები, აშშ-ის მოლოდინები და გამოინახოს წინსვლის გზები”.