მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 23 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 19 ფაქტი, იმერეთში – 16, გურიაში – 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 8, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 15, მცხეთა-მთიანეთში – 11, შიდა ქართლში – 6, ქვემო ქართლის მასშტაბით – 13, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი, 18 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 9,746.21 მ3 ხე-ტყე“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში  დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი და ამოღებულია 12 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა – 56). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.