მამა დავითი: “დედის წყევლამ შეიძლება ცხოვრებაში მართლაც წააქციოს შვილი, და თუკი ეს ჩაუდენია, სასწრაფოდ მოინანიოს”

დედის გული მარადიული სიყვარულის დაულეველი წყაროა. ამ სიყვარულს ვერაფერს აკლებს ზოგჯერ შვილების უმადურობაც კი. სწორედ ამითაა ის უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არსებული წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით შენგელია დედის ფენომენის ირგვლივ წამოჭრილ ბევრ საინტერესო კითხვას სცემს პასუხს.

სამწუხაროდ, გახშირდა შემთხვევები – დედები შვილებს ნაგავსაყრელზე ტოვებენ. გაიზარდა მიუსაფარი ბავშვების რიცხვიც. ისინი მწარე რეალობას გაურბიან. ცელოფნის პარკებიდან წებოს ყნოსვით იწყებენ და მერე ნარკომანები ხდებიან…

ეს უბედურება და მზის დაბნელებაა ჩვენი ერისთვის. დედა, რომელიც ბავშვს ცელოფნის პარკში გაახვევს და სასიკვდილოდ გაიმეტებს, არა თუ არღვევს ზნეობრივ კანონს, ღვთის მცნებას, არამედ ბუნების კანონებსაც ეწინააღმდეგება. ან თუნდაც მაწანწალა ბავშვები. მათთვის არც ოჯახი არსებობს, არც სკოლა, არც ნათესავი, მოკლედ, გულშემატკივარი… ისინი გარიყულები არიან საზოგადოებისგან. ეს მთელი ერის ტრაგედიაა, გამოწვეული ჩვენი გულგრილობით, დაუნდობლობით. ეს ბავშვები თავის სარჩენად იწყებენ ქურდობას და იმ იდეალების მიღმა რჩებიან, რასაც სიყვარული, თანადგომა, ღიმილი ჰქვია. დედის ხატი ამ ბავშვების ცხოვრებაში შებღალულია. დედა-შვილს შორის გაჩენილი უფსკრული კი მთელი სამყაროსადმი უნდობლობად, შურისძიებად გარდაიქმნება. ამ ბავშვებმა შეიძლება ბევრი რამ ავნონ როგორც საზოგადოებას, ასევე საკუთარ თავს.

მშობლის ცოდვამ შეიძლება დაღი დაასვას შვილის მომავალს. მაგრამ გამოსავალია ლოცვა, რომელიც ყველაზე ძლიერი ფარი და მახვილია. მხოლოდ ლოცვა, ეკლესიური ცხოვრება და მადლი გაუკვალავს შვილს გზას ბედნიერი და ნათელი მომავლისკენ. მშობლების (განსაკუთრებით დედის) ზნეობრივი სიწმინდე ეხმარება, აკურთხებს შვილების ცხოვრებას. მშობლების მანკიერებები კი გზას უჭრიან შვილს ცხოვრებაში, რაც მეტად მტკივნეულია.

აქვს თუ არა შვილს დედის გაკიცხვის უფლება?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობელი გზასაცდენილია, არასწორად აღზარდა ანდა საერთოდ არ აღზარდა შვილი, ვერ მოიცალა მისთვის, ან კიდევ უარესი, საერთოდაც არ იცნობს მას, რაოდენ გულსატკენიც არ უნდა იყოს ეს შვილისთვის, მას არა აქვს მშობლის გაკიცხვის უფლება, მშობლის განსჯა მეტისმეტად უღირსი საქციელია. შეიძლება მშობელი არ იყოს ღვთის წყალობის ღირსი, მაგრამ სჯობს შვილმა სთხოვოს უფალს, მიუტევოს მშობელს მის მიმართ გამოჩენილი გულგრილობა და მონანიების გზაზე დააყენოს იგი. დედის გაკიცხვა შვილის სულს დაამძიმებს. ლოცვით კი დიდ მადლს მოიხვეჭს უფლის თვალში.

მჯერა, რაც არ უნდა გზასაცდენილი იყოს დედა, მასში ღვივის სურვილი და ოცნება, რომ თუ თვითონ უნებისყოფობის გამო ჭაობში ჩაეფლო და ვერ გამოადგა საზოგადოებას, ოჯახს, შვილი მაინც იყოს ღირსეული და საამაყო ადამიანი.

წმინდა მამები დედებს ურჩევენ, შინიდან მიმავალი შვილები სახლის ზღურბლზე აკურთხონ, უფალს მიაბარონ. რამდენად ეხმარება შვილს დედის ლოცვა-კურთხევა?

შინიდან გასული შვილი დედამ აუცილებლად უნდა დალოცოს. დედის ლოცვა-კურთხევა იფარავს მას ხიფათისგან, ეხმარება წარმატებით ისწავლოს, იმსახუროს, ყველგან თესოს სიკეთე, სიყვარული და თუნდაც შინ დაბრუნდეს მშვიდობით. როგორც უფალი და წმინდანები ლოცავენ ადამიანს, ასევე უფალმა დაუწერელი კანონით დააჯილდოვა მშობელი უფლებით, დალოცოს თავისი შვილი.

ნათქვამია: “მამის წყევლა გაახმობს, დედისა კი ძირფესვიანად ამოაგდებსო”. რა უნდა გააკეთოს შვილმა, რომ დედამ წყევლა კურთხევად შეცვალოს?

სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ოჯახური კონფლიქტი იქამდეც კი მიდის, რომ დედა წყევლის საკუთარ შვილს. ამით თითქოს გზას უხშობს მის მომავალს. წყევლის შემზარავმა სიტყვებმა შეიძლება ცხოვრებაში მართლაც წააქციოს შვილი. პირველ რიგში, შვილმა არ უნდა მისცეს საბაბი მშობელს ასეთი განრისხებისა და წყევლისა. ხოლო თუკი ეს მოხდა, დაუყოვნებლივ მუხლი უნდა მოუყაროს მშობელს და სთხოვოს პატიება. ამის შემდეგ მშობელი მას აუცილებლად დალოცავს. დედებმაც თავი უნდა შეიკავონ შვილის დაწყევლისგან და თუკი ეს ცოდვა ჩაუდენიათ, აუცილებლად მოინანიონ ღვთის წინაშე.

ხშირად შვილები უდიერად ექცევიან დედებს. ასეთი მოქცევით კი მადლს კარგავენ…

ბავშვის ფსიქიკაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ქუჩა, თანატოლთა გარემო, ინტერნეტი, ტელევიზია… ისინი თანდათანობით იძენენ მავნე ჩვევებს, რაც აისახება მათ საქციელში, დედასთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. არის შემთხვევები, როდესაც შვილი დედას აბუჩად იგდებს და გულს სტკენს. თუ ბავშვი დროულად არ გამოერკვა, თანდათან დემონური ძალის ტყვე გახდება და დაკარგავს დედის დალოცვას, მადლს. ჩნდება უფსკრული დედა-შვილს შორის. მათ ურთიერთობას, ანგელოზის ნაცვლად, თითქოსდა დემონი განაგებს.

მშობლისადმი უპატივცემულობა მცნების დარღვევაა, რაც ბოროტი ძალის გავლენას უხსნის გზას ჩვენს არსებაში.

ნათქვამია, შვილმა ერბო-კვერცხიც რომ შეიწვას ხელის გულზე, დედის ამაგს მაინც ვერ გადაიხდისო. და მაინც, რა არის საუკეთესო საშუალება დედისადმი მადლიერების გამოსახატავად?

შვილმა შეიძლება არაფერი დაზოგოს დედისთვის. იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია. პირველ რიგში შვილი მშობლის ამაგს იმით გადაიხდის, რომ ილოცებს მისთვის. სულიერად შეეწევა მას.

დედის შეუმცდარ გუმანზე რას იტყოდით, რომელსაც ზოგჯერ “მეექვსე გრძნობასაც” უწოდებენ.

მართლაც, ეს არის დაუწერელი კანონი. ღვთისგან ბოძებული მადლია, რომ დედა შეიძლება გუმანით გრძნობდეს შვილის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობას არა მხოლოდ საკუთარ სახლში, არამედ ასობით კილომეტრის მიღმაც. მაგალითად, შვილის ავადმყოფობას ან რაიმე განსაცდელს. ეს არის დიდი სიყვარულის გამოხატულება, რადგან მხოლოდ სიყვარულს შეუძლია წაშალოს კილომეტრობით მანძილი და ერთ წერტილში გააერთიანოს დედისა და შვილის გული. ეს ენით გამოუთქმელი რამ არის. როგორც წმინდა ილია მართალი იტყოდა: “მხოლოდ თვალი გულისაღა თუ ხედავდა და ყური გულისაღა თუ ისმენდა. ხორციელი ხედვა, ხორციელი სმენა ამისათვის უღონოაო”.

თავგანწირვა ახსენეთ. დედას შვილები საკუთარ თავზე მეტად უყვარს. იგი უარყოფს თავის ნებას და სულსა და გულს შვილებს სწირავს. თავგანწირვა დედის მამოძრავებელი ძალაა…

უფალმა დაუშვა, რომ ქალის მისია ამ ქვეყანაზე არის უდიდესი თავგანწირვის უნარი და დედობა ამის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ეს არ იყოს აფიშირებული, მაგრამ ქალის ყოველდღიური შრომა ოჯახში, რომელიც სხვათა თვალისთვის დასანახი არ არის, მისი ყოველდღიური უსიტყვო მსხვერპლი, ჭიდილი ცხოვრებისეულ სირთულეებთან სწორედ თავგანწირვაა. იმდენად დიდია დედის ღვაწლი, რომ მისი შეფასება შეუძლებელია.

აღიარებულია, რომ დედას უფრო მეტი თავგანწირვის უნარი აქვს, ვიდრე მამას. უმამო ბავშვს დედა ხშირად მამის მაგივრობასაც უწევს. პირიქით კი იშვიათად ხდება. დედობრივი სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე მამობრივი?..

გეთანხმებით. მამამ შეიძლება ბევრი რამ მისცეს შვილს, მხარში ამოუდგეს ფიზიკურად, ზნეობრივად, გეზი მისცეს ცხოვრებაში, ურჩიოს, დაარიგოს, მაგრამ მამის ამაგი დედისას ვერ შეედრება.

ბერი პაისი ამბობდა: “ქალის გული მწყობრიდან გამოდის, თუ ის სიყვარული, რომელიც მის ბუნებაში დევს, ვერ პოულობს გასაქანს”. თავგანწირვა აუცილებელია ქალისთვის. არსებობენ უშვილო ქალები, რომელთაც სურთ ჰყავდეთ შვილები, მაგრამ ღვთის ნება და ადამიანის სურვილი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. ზოგჯერ ამას ძალზე ტრაგიკულად განიცდიან. რას ურჩევდით მათ?

შვილიერება მხოლოდ ადამიანზე არ არის დამოკიდებული. ღვთის განგებას ვინ ჩასწვდება?! ყველა ქალი დედაა ბუნებით, მაგრამ უშვილობა ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ. თუკი ადამიანს მემკვიდრე არ ეძლევა უფლისგან, მან თავისი თავგანწირვა უნდა გამოხატოს სიკეთის თესვით, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებით, ავადმყოფ ბავშვებზე მზრუნველობით, შეეწიოს მათ მატერიალურად, სულიერად. ასე რომ, ასპარეზი დიდია და დედობრივი ენერგია ყოველთვის იპოვის სადინარს.

ზოგიერთ ქალს ბავშვი გასაზრდელად აჰყავს. საჭიროა თუ არა, ბავშვმა იცოდეს სიმართლე?

შეიძლება ვიღაცამ უხეშად უთხრას ეს, ამის გამო კი ბავშვმა დაკარგოს თავისი თავი, ოჯახი და აღმოჩნდეს უფსკრულის პირას. ამიტომ სჯობს აღმზრდელებმა ტაქტიანად უთხრან შვილს, რომ იგი აიყვანეს სიყვარულით და არ დაუშურებიათ ძალისხმევა მის აღსაზრდელად.

რამდენად მართებული და მიზანშეწონილია დედის მიერ შვილების ზედმეტად ქება ანდა პირიქით, გაკიცხვა?

დედამ შვილი ზედმეტად არ უნდა აქოს, არც გაკიცხოს და დაამციროს, სიმკაცრეც უნდა გამოიჩინოს შვილების აღზრდისას, რათა შვილმა შეინარჩუნოს მოკრძალება და პატივისცემა მშობლის მიმართ. შეიძლება მეტისმეტმა სიმკაცრემ ადამიანს თავისუფალი ნება ჩაუკლას, რისი შედეგიცაა პიროვნული უსუსურება, არასრულფასოვნების შეგრძნება. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის ცემა, გალანძღვა (მით უმეტეს სხვების თანდასწრებით). ამან შეიძლება ბავშვის ფსიქიკა დაამახინჯოს. შვილმა დაკარგოს დედის მიმართ ნდობა, გაუცხოვდეს.

დღეს დედები გეგმავენ, რამდენი შვილი იყოლიონ…

უფალმა სიყვარულით შექმნა სამყარო და არა დაგეგმარებით. დღეს ფართო რეკლამას უწევენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. მშობლები ბჭობენ, არიან თუ არა მზად შვილების გასაზრდელად. ეს გახლავთ სრული უარყოფა ღვთაებრივი ნებისა, სულიერი მცნებებისა და კანონებისა. ერის სიცოცხლე მის სიმრავლეშია და თუ ასე ვიმსჯელებთ და ვიცხოვრებთ, ჩვენს ქვეყანას ვერ შევინარჩუნებთ ვერც გეოგრაფიულად, ვერც კულტურულად და ვერც ეკონომიკურად…

დედები თავს იმართლებენ – გაჭირვების გამო ბევრ შვილს ვერ ვაჩენთო… თუმცაღა არიან მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც ბავშვები, მართალია, ფუფუნებით არა, მაგრამ დათმობის, მსხვერპლის გაღების ატმოსფეროში იზრდებიან…

რა თქმა უნდა, მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მრავალშვილიან ოჯახებში უფრო მეტი სულიერი კომფორტია. რადგან იქ მეტი სიყვარული და ურთიერთგატანაა, ერთმანეთს ხელს უწყობენ, სიმებივით შეხმატკბილებულნი არიან. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ჭეშმარიტი, ჯანსაღი ღირებულებითაა ნასაზრდოები და ქვეყნის საიმედო მომავალია…

ზოგიერთი შვილი მშობელს მოხუცთა თავშესაფარში აბარებს… 

ზოგჯერ ამას გაჭირვების გამო აკეთებენ, მაგრამ ტრაგედიაა, როდესაც შვილს აქვს შესაძლებლობა, ლუკმაპური მიაწოდოს მშობელს და ის მოხუცთა თავშესაფარში აბარებს მას სრულიად გულგრილად. მაცხოვარმა ჯვარცმისას დალოცა თავისი დედა და მასზე მზრუნველობა იოანე ღვთისმეტყველს მიანდო. მერე გარდაცვლილს მოაკითხა, მისი სული უმანკო ჩვილივით ხელში აიყვანა და ზეცად აღავლინა. არის შემთხვევები, როდესაც შვილს სურს იცხოვროს მონასტერში, მაგრამ ვერ ტოვებს მოხუც მშობელს. ამის შესანიშნავი მაგალითია წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც არ წავიდა მონასტერში იქამდე, სანამ თავისი მოვალეობა არ აღასრულა მშობლის წინაშე.

ქალთა ემანსიპაცია ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. დედები იძულებულნი არიან, იმუშაონ და ოჯახისთვის ნაკლებად იცლიან. ძიძას მიბარებულ ბავშვს კი შემდეგ უკვე უჭირს დედასთან ურთიერთობა…

გაძიძავების ტრადიცია ძველთაგანვე არსებობდა საქართველოში, მაგრამ მაშინდელი ძიძები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბავშვების აღზრდაში. დღეს კი ამას ხელოვნური ხასიათი აქვს. როდესაც დედა არ ზრდის შვილს, ნაკლებად იცნობს მის ხასიათს, შინაგანად კიდეც უუცხოვდება მას. დედა-შვილს შორის ტყდება ხიდი, რომლის გამთელება არც ისე იოლია.

დედისთვის ყველაზე რთული შვილის გარდამავლი ასაკია. ამ დროს განსაკუთრებით ღელავს, რადგან იოანე ოქროპირი ამბობს: “როგორები იქნებიან ბავშვები ამ ასაკის შემდეგ, კარგები თუ ცუდები, არავინ იცის, უფლის გარდა”. 

ამ დროს ხდება პიროვნების ჩამოყალიბება. ერთი მხრივ, შვილმა არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ გაუმკლავდეს ცხოვრებას, რა პოზიცია აირჩიოს. მეორე მხრივ, არ უჯერებს მშობელს, თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ამ ასაკში ხდება საბედისწერო შეცდომების დაშვება. შესაბამისად, მშობელს მართებს განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენა. ზოგჯერ მშობელი ვერაფერს ცვლის, გრძნობს, რომ ეს მის ძალას აღემატება და სასოწარკვეთილებაში ვარდება. ასეთ დროს მან ლოცვა უნდა მოიხმაროს ფარად და ღვთისმშობელს, ჩვენი ზეციური დედის კალთას შეავედროს შვილი. დედა ღვთისა არ მოაკლებს წყალობას ცრემლით მლოცველი დედის შვილს და ჭეშმარიტებისაკენ გაუკვალავს გზას.

რამდენად მართებს დედას ზრუნვა იმისათვის, რომ არ შეირყეს მამის ავტორიტეტი შვილის თვალში, მაშინ როდესაც მამა უსამართლოდ იქცევა?

დედა უნდა გაუფრთხილდეს მამის ავტორიტეტს და შვილები უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ოჯახის თავი (უფროსი) არის მამა და დედა ქედს იხრის მამის წინაშე, რადგანაც პირველი პატივი ოჯახში მამას ეკუთვნის. თუკი მამა უსამართლოდ იქცევა, დედამ არ უნდა გაამახვილოს ყურადღება მის ნაკლოვან მხარეებზე, უნდა ეცადოს, წინ წამოსწიოს მამის ღირსებები და გაამყაროს მამის ავტორიტეტი შვილის შეგნებაში.

როგორ უნდა შეუწყოს ხელი დედამ შვილებს შორის სიყვარულის გაღვივებასა და განვითარებას? არის შემთხვევები, როდესაც შვილები ეჭვიანობენ ერთმანეთზე. 

არასოდეს დედამ შვილები არ უნდა გაარჩიოს თავის გულშიც კი. ზოგიერთ შვილს მეტი დახმარება სჭირდება, ზოგს – ნაკლები. ზოგი გონებრივად ან ფიზიკურად სუსტია, ზოგიც მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. შესაბამისად, დედამ სხვადასხვანაირი დახმარება უნდა აღმოუჩინოს მათ, მაგრამ ყველა მათგანი თანაბრად უნდა უყვარდეს. დედისგან შვილების გარჩევა დიდ ბზარს წარმოშობს ოჯახში.

დედაშვილობას ვერც დრო, ვერც მანძილი ვერ მოერევა. სულ დედა გვინდა, სულ დედას ვეძებთ. მაგრამ წუთისოფლის გარდაუვალი კანონების თანახმად, ყოველთვის დედასთან ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია. ალბათ ეს არის ჩვენი ადამიანური ტკივილის სათავეც. 

დედის მონატრება ისეთივე ბუნებრივი მოთხოვნილებაა, როგორიც წყლის, ჰაერისა. რაც უფრო მეტად ვიწვნევთ წუთისოფლისგან იმედგაცრუების სიმწარეს, მით მეტად ვგრძნობთ, თუ რა ტკბილია დედა, როგორი განუზომელია მისი ღვაწლი, სიყვარული. დედა ჩვენი სულის განუყოფელი, არსისეული ნაწილია. დედის საფლავზეც რომ მიდის ადამიანი, ისეთი შეგრძნება აქვს, რომ მიდის არა ცივ ქვასთან, არამედ მშობელ დედასთან, რომლის ხსოვნაც ათბობს და ანთებს ადამიანის არსებას. რამხელა ნეტარებაა, რომ მაღლა ღმერთია და დაბლა – მშობელი დედა.

ღმერთმა დალოცოს ყველა დედა, დღეგრძელი ამყოფოს!

 

წყარო: karibche.ambebi.ge