მამუკა კარტოზია: დაე, თითოეული დაგვასანქცირონ, არაფერი დაგვაკლდება, საერთოდ თუ აღარ წავალთ ამერიკაში!

 

დასავლეთი უკვე „ყურს გვიწევს“ და არაორაზროვნად გვეუბნება, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ფიქციაა! – აცხადებს ჟურნალისტი და ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

მამუკა კარტოზია:

– თურმე თავისუფლება იმის კეთება ყოფილა, რაც დასავლეთს უნდა. როგორც კი სხვა პოზიციის აღსრულებას მოვინდომებთ, მაშინვე სანქციებით და გადატრიალებით გვემუქრებიან! რაც ამჟამად ხდება, უკვე კითხვის ნიშანს აღარ ტოვებს იმასთან დაკავშირებით, რომ 1992 წელს საქართველოში კანონიერი ხელისუფლება ცალსახად, დასავლეთმა – ევროპამ და ამერიკამ დაამხეს, მას მერე, რაც ზვიად გამსახურდიამ შეჰკადრა, რომ თავის სამშობლოში ლიბერასტული დღის წესრიგის დამკვიდრებას არ აპირებს! ის რაც მამა ბუშმა თქვა, რომ გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავს – პარადიგმული ნიმუშია, ვინაიდან დასავლეთისთვის პატარა ქვეყნების თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც დასავლეთიდან მათთვის განსაზღვრული მიმართულებების შეცვლა უწევთ! საქართველოსთან მიმართებაშიც, დღემდე ეს პოლიტიკა გრძელდება, რასაც ქართველები დიდი ხნის განმავლობაში მივყვებოდით და კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ, რომ თურმე საქართველოს ერთადერთი დანიშნულება გააჩნია – მარადჟამს ისწრაფვოდეს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად – რაც არასოდეს ასრულდება, რადგან ეს არ სურთ ამერიკას და ამერიკის მიერ ევროპაში მმართველად გაბატონებულ კლანს!

 – ოდესმე ქართველებისთვის ყოფილა ევროპა „შინ?“

– ევროპა არასოდეს ყოფილა საქართველოსთვის მშობლიური კერა და გარემო. გამოთქმამ „ევროქრისტიანული ველი“ – დღესდღეობით, დაკარგა თავისი ნამდვილი მნიშვნელობა და ოდენ პროპაგანდისტულ დონეზე შემორჩა. მეტსაც გეტყვით – თავად ევროპა არ არის ერთიანი და არც ოდესმე ყოფილა; ევროპის სტაბილურობა ამერიკული პროტექტორატის დამსახურებაა, ევროპაში ჯერ კიდევ, მართლმადიდებლობასთან დაპირისპირების, რომის ეკლესიის წარმოქმნის და მასში სხვადასხვა მიმდინარეობების გაჩენის დროიდან, არა მხოლოდ აღმოიფხვრა ნამდვილი ქრისტიანული კულტურა, არამედ, თანამედროვე ევროპაში ანტიქრისტიანული სახეც კი შეიძინა და ვატიკანი უძლურია, ამ ტენდენციის შემაკავებელი ფუნქცია აღასრულოს, პირიქით, თავად გვევლინება ქრისტიანული ღირებულებების მსხვრევის იდეოლოგად! ვაღიაროთ – თანამედროვე ევროპა ქრისტიანული ღირებულებებით არ ცხოვრობს, ევროპაში რელიგიამ დაკარგა ფუნქცია, ხოლო რომის კათოლიკური ეკლესია თავად უწყობს ხელს თუნდაც, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების პროპაგანდას. თავის დროზე, გერმანელმა ფილოსოფოსმა, ფრანც ფონ ბაადერმა საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციურ მთავრობას უწოდა „მთავრობა ლოცვის გარეშე“ და, თანამედროვე ევროკავშირის ხელისუფლება ზუსტად გამოხატავს ამ შეფასებას. პროპაგანდისტულ დონეზე დარჩა ხელოვნურად შექმნილი სხვა ცნებაც – „ევროატლანტიკური სივრცე.“ თავად არ იციან, სად შეიძლება მოხდეს ამერიკის და ევროპის ინტერესთა შეკავშირება. ფაქტად რჩება გარემოება, რომ ევროპისთვის ამერიკა რჩება დომინანტად და ამერიკას არ აწყობს ევროპის მოძლიერება. აკი, ამერიკის ერთ-ერთმა მთავარმა ევროპელმა მოკავშირემ, დიდმა ბრიტანეთმა იუკადრისა ბრიუსელის მიმართ მორჩილება, დამოუკიდებლობა ამჯობინა და დასტოვა ასეთი „ერთიანი ევროპული სივრცე.“ სწორედ მაშინ დაიწყო ევროკავშირის დაშლის შეუქცევადი პროცესი.

 – მიგვანიშნებთ, რომ ევროკავშირში შეუძლებელია სუვერენიტეტის შენარჩუნება?

– დიდი ხნის განმავლობაში ამას საგულდაგულოდ გვიმალავდნენ! ნებისმიერი, თუნდაც ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო რომელიმე კავშირში გაერთიანებით თმობს თავისუფლების მნიშვნელოვან ნაწილს. აკი, ახლახან, პირდაპირ მოგვახალა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა, ფაქტობრივად, შენ თმობ სუვერენიტეტის ნაწილს! ორივე ერთად ვერ გექნება!“ – ეს არის ის, რასთან შეგუებაც მოგვიწევს და აქამდე ევროპას ხმამაღლა სიმართლის ამხელა დოზა ჩვენთვის არ მოუწოდებია! ოღონდ, ლანდსბრეგისმა როდესაც ევროკავშირის წევრობა ახსენა, ეს არ არის საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის ნამდვილი გეგმა. ყველა გარემოება მოწმობს, რომ ევროკავშირი არც კი აპირებს საქართველოს გაწევრებას თავისთან და ამის გარეშეც, თვითნებურად გვიზღუდავს იმ თავისუფლებას, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარეობს და რაზე უარის თქმასაც, ქართველი არასოდეს, არაფრის სანაცვლოდ არ დააპირებს!

 – მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში რომელი ქვეყანა არის ბოლომდე სუვერენული და თავისუფალი?

– გააჩნია, სუვერენიტეტის ცნებას რომელი კუთხიდან შევხედავთ. 21-ე საუკუნე ზოგადად, გადაიქცა ტერმინების შინაარსობრივი დევალვაციის ერად. თუნდაც ასეთ ერაში ელემენტარული სუვერენიტეტის გამოვლინებაა, როდესაც ქვეყანას მართავ საკუთარი იმ კანონებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან შენი მოსახლეობის ისტორიულ ტრადიციებს და შენი ქვეყნის საზღვრებში მოქმედებენ. არადა, რომ აღარაფერი ვთქვათ ტერიტორიული მთლიანობის ჩვენს პრობლემაზე და ეკონომიკაზე, დღეს საქართველოს თავს ახვევენ ისეთ კანონებს, რომლებიც მკვეთრ წინააღმდეგობაშია ჩვენს ეროვნულ მსოფლმხედველობასთან, შესაბამისად, საქართველოს თავისუფლებასთან. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა თანამედროვე ეპოქაშიც იპოვებს სუვერენიტეტს და თავისუფლდება – თუნდაც, ლათინური ამერიკის ქვეყნები, მარტო ბრაზილია რად ღირს, მათში, რომელიც ახლადშექმნილ „BRICS“-ში (ბრიქსი: ბრაზილია-რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი-სამხრეთ აფრიკა – გაერთიანება) წამყვან ადგილს იკავებს თავისი რესურსებით. ამ გაერთიანებაში გაწევრებას ესწრაფვის თვით ნატოს წევრ თურქეთიც! ფეხზე დგებიან და თავისუფლების ხარისხს იმტკიცებენ წიაღისეულით უმდიდრესი აფრიკის კონტინენტის ქვეყნებიც, უმნიშვნელოვანესი პროცესები მიდის არაბულ ქვეყნებშიც. სამწუხაროდ, თანამედროვე გეოპოლიტიკური კონიუნქტურა ნაკლებად წყალობდა ჩვენნაირი მცირე ხალხების სუვერენიტეტს; თვითმყოფადობისკენ მისწრაფებას აქამდეც, ქსენოფობიად ნათლავს. ამ იდეოლოგიის თანახმად, „პატარა ერებს მსოფლიოს წინაშე დამსახურება არ აქვთ და ისინი არ უნდა არსებობდნენ.“ ეს იდეოლოგია თავად არის ქსენოფობიური. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მე-20 საუკუნის მთავარი ჭირი, ფაშიზმი, რომელიც უპირველესად, მცირე ერების სრულ ასიმილაციას ითვალისწინებდა – სწორედ ევროპის შუაგულში გაჩნდა და განვითარდა, რამაც მთელ მსოფლიოს უდიდესი მასშტაბების ნგრევა და წარმოუდგენელი ადამიანური მსხვერპლი მოუტანა!

 – ბოლოსდაბოლოს, საქართველო ევროპის ნაწილი არის თუ არა?

– უზარმაზარი ტყუილია, თითქოს საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. რა თქმა უნდა, საქართველოს მუდამ ჰქონდა ევროპასთან ურთიერთობები, ჩვენთან ჩამოდიოდნენ ევროპელი მისიონერები და იყო ბერძნული და რომაული გავლენები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო ოდესმე ევროპის ნაწილად ითვლებოდა. მუდამ, აზიასთან გაცილებით მეტი კავშირები გაგვაჩნდა, ვიდრე ევროპასთან! ისიც გავითვალისწინოთ, რომ კავკასიის სამხრეთით ევროპა კი არ გრძელდება, არამედ, აზია იწყება! ხოლო, თუ პოლიტიკურ ორიენტაციაზე ვისაუბრებთ, ევროპამ არაერთხელ გვიღალატა. ევროპისთვის საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული ტერიტორია იყო და თითი თითზე არ დაუკარებია საქართველოსთვის, თუნდაც ქართველებისგან იმის პირობით, რომ კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდოდნენ. მათ საქართველოს მიმართ პოლიტიკური ინტერესი ფაქტობრივად, არასოდეს ჰქონიათ! 1918-1921 წლებში ევროპას არ უნდოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება! საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა პირდაპირ აღიარა, რომ საქართველო არ არის ევროპა! თუმცა, დასავლელი მენტორებისთვის საქართველო ამჟამად უკვე არის ინტერესის საგანი, რადგან მოიაზრება რუსეთის წინააღმდეგ პერსპექტიულ პოლიტიკურ და სამხედრო პლაცდარმად. დღემდე არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, რომ რუსეთს მეორე ფრონტი საქართველოდან გაეხსნას და სინამდვილეში თბილისში მიმდინარე მოვლენები „რუსული კანონით“ კი არ არის განპირობებული, არამედ მეორე ფრონტის გახსნის მისწრაფებით. ისინი ჩქარობენ, რადგან ხვდებიან, რომ შანსს დღითიდღე კარგავენ.

 – რატომ?

– 17 მაისმა დაგვანახა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში სულ სხვა ღირებულებებს უჭერს მხარს, ვიდრე დასავლეთი გვახვევს თავს. თანაც, მსოფლიოში ევროპული და ატლანტიკური კავშირების პარალელურად, უკვე ძლიერდება ალტერნატიული კავშირები, იკვეთება ისეთი პროცესები, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა, შეუდარებლად მეტი სუვერენიტეტის შენარჩუნებით გააგრძელოს განვითარება, ვიდრე დასავლეთი ვასალობით ახერხებდა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი საქართველოს კარგავს.

 – დაუშვათ, სანქციები შედგა. მოსახლეობის ნაწილს აეკრძალა ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობა. ეს რას მოუტანს დასავლეთს და რას შეცვლის საქართველოსთვის?

– რათქმაუნდა, სანქციებს და რეპრესიულ ღონისძიებებს გარკვეული შედეგები ექნება, მაგრამ, პირდაპირ ვთქვათ, ქართველი ხალხის ძალზე მცირე ნაწილია ნამყოფი ამერიკაში და არცთუ დიდია საზოგადოება, რომელსაც ოკეანეს გადაღმა ბიზნესი გააჩნია. მოსახლეობის ნაწილს პრობლემები მართლაც შეექმნება იმის გამო, რომ უვიზოდ ვეღარ იმოგზაურებს ევროპაში, ხოლო ამერიკასთან არც აქამდე გვქონია უვიზო მიმოსვლა. დაე, თითოეული მოქალაქე დაგავისანქცირონ, მაგათი დედაც… ბევრი არაფერი დაგვაკლდება, საერთოდ თუ აღარ წავალთ ამერიკაში! ბლინკენები მოდიან და მიდიან, საქართველო კი რჩება! ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ დასავლეთიდან შემოსული გრანტების დიდი ნაწილი საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას კი არა, არასამთავრობოების ეგიდით სულიერების და ეროვნული თვითშეგნების ნგრევას, ზნეობისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების საწინააღმდეგო პროპაგანდას ხმარდებოდა, ამიტომ, ეს ფული საქართველოში თუ აღარ შემოვა – მით უკეთესი! ეს ყველაფერი არცთუ მომაკვდინებლად აისახება ქართულ ეკონომიკაზე. თანაც, საქართველოსთვის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი დასავლეთი სულაც არ არის, ამ მხრივ ჩვენი ძირითადი პარტნიორებია რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი და აწ უკვე ჩინეთიც. დასავლეთისგან განსხვავებით, ეს ქვეყნები ჩვენგან სულაც არ მოითხოვენ პარტნიორობის სანაცვლოდ, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის და ზნეობრივი ღირებულებების დათმობას, პირიქით, საკუთარ ტერიტორიებზე თავად უფრთხილდებიან ასეთ კონსერვატიულ ღირებულებებს! ამიტომ,  სანქციების პროცესი კიდევ უფრო დააშორებს დასავლეთისგან საქართველოს, კიდევ უფრო დააჩქარებს სხვა პოლიტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას. დასავლეთის ალტერნატიული მძლავრი მსოფლიო პოლიტიკური ცენტრი დღითიდღე ჩვენს თვალწინ ფორმირდება! ამ პროცესის პარალელურად, უკიდურეს ზნეობრივ ფრუსტრაციას განიცდიან ევროპული და ამერიკული ინსტიტუტები. ჩვენის მხრივ, ისეთ სივრცეში ინტეგრაციას უნდა ვესწრაფვოდეთ, სადაც ჩვენს უმთავრეს ნიშას – მართლმადიდებლობას საფრთხე არ დაემუქრება!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”