მამუკა ფიფია: მოსკოვში საქართველოს საელჩო უახლოეს მომავალში უნდა აღდგეს!

დოლარის კურსი ავარდა, ნაცებს და ლიბერალებს სიხარულის ჟრიამული აქვთ. სანანებელი ხომ არ გაგვიხდება დასავლური დიქტატის წინააღმდეგ ამბოხი? – „ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა, ვინ არის მისი მტერი! მალე შევიტყობთ, ვინ არიან მეგობრები!“ – გვითხრა რუსეთის პოლიტიკურ ვერტიკალთან დაახლოვებულმა ქართველმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა, პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა,

მამუკა ფიფიამ:

– საქართველოს ფინანსურ სისტემას ჯერჯერობით, დასავლეთი აკონტროლებს. ჩვენი ბანკები დასავლეთზეა მიბმული. იმის მიუხედავად, რომ ეროვნული ბანკი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია, სისტემურად მაინც დასავლეთის გავლენაშია. ამით კიდეც ისარგებლეს. დოლარის გაძვირება იმან გამოიწვია, რომ დასავლეთმა ლარების მარაგი გაგვიყიდა. დამატებით, მოსახლეობის ნაწილი პანიკას აყვა, ლარებით დოლარის შეძენას შეუდგა და უნებურად, ლარის გაუფასურებას ხელი თავადაც შეუწყო. ეროვნულ ბანკს დოლარის საკმარისი მარაგი გააჩნია და შეუძლია მისი გაყიდვით შეაჩეროს და დააბალანსოს ლარის გაუფასურება. ეს პაექრობა კიდევ მცირე ხანს გაგრძელდება, ვიდრე დასავლეთი ლარით მანიპულირებს. ჯერჯერობით, სხვა საფრთხის ნიშანწყალიც არ ჩანს – საქართველოდან არც რომელიმე ინვესტორი წასულა, არც რაიმე დახმარება შეუჩერებიათ ხალხისთვის. დასავლეთმა, რომელმაც ქართველი ხალხის დასჯა გადაწყვიტა, ამჯერად მხოლოდ ამ იაფფასიანი ილეთით შეაშინა საქართველოს მოსახლეობა. ნუ გვიკვირს, რადგან ბანკები მათ ხელშია. სხედან ლონდონში დირექტორთა საბჭოს წევრები, 12 კაცი, რომელთა შორის შესაძლოა, ქართველი არც არის; რეკავენ და ბანკებს ლარის გაყიდვას აიძულებენ… შეიძლება, საკითხის მიმართ მათი მიდგომა ობიექტურიც იყოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი სანქციებით დაგვემუქრა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოროტ ჩანაფიქრს გეგმაზომიერად ახორციელებენ.

 – კიდევ, რა ბერკეტები აქვს დასავლეთს?

– ბერკეტები ბევრია. მაგალითად, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ დასავლეთმა ჯერ კიდევ მაშინ დაგვასანქცირა, როცა საქართველოდან რუსეთში ავტომანქანების გაყიდვა აგვიკრძალა და შესაბამისად, უზარმაზარი შემოსავალი წაართვა ქართველ ბიზნესმენებს. მსგავსი მექანიზმები კიდევ ექნებათ, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველო ეკონომიკურად დასავლეთზე კი არა, რუსეთზე არის მიბმული, ვინაიდან საქართველოსთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი არის ეს ქვეყანა. რუსეთის შემდეგ, ჩვენი უახლოესი სამეზობლო – თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი არიან ჩვენი პარტნიორები და ამ ქვეყნებში დასავლეთის დღის წესრიგი არ ვრცელდება! არის უდიდესი პერსპექტივები, ამ ქვეყნებთან მეტადაც გავამყაროთ ეკონომიკური ურთიერთობები. ხოლო თუ შევალთ თანამეგობრობაში „ბრიქსი“ (ბრაზილია-რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი-სამხრეთ აფრიკის თანამეგობრობა), რომელიც დღითიდღე დასავლეთის გეოპოლიტიკური დომინირების საპირწონედ ყალიბდება – დასავლეთის სანქციებს საერთოდ ვერ ვიგრძნობთ! ფაქტობრივად, დასავლეთმა საქართველოსთან წააგო. როგორც სამეგრელოში იტყვიან ხოლმე – წყალს რომ კალაპოტი არ გაუკეთო, ის თავის გზას თავისითაც მონახავს! ჰოდა, არცთუ შედეგიანი სანქციებით დასავლეთი უნებურად თავად უბიძგებს საქართველოს განდგომისა და სხვა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებისკენ! ეს „სხვა“ კი, ჩვენი უახლოესი მეზობლები არიან, ვისთანაც ევროპისგან განსხვავებით, საერთო საზღვრები და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები გვაკავშირებს! ევროპას არასოდეს აინტერესებდა საქართველოს წარმატებები თუ პრობლემები; არამედ, მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირებისთვის ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენება და ის გზა აინტერესებს, რომელიც ამჟამად ყალიბდება და რომლის კონტურებიც თანდათან ჩნდება. უკვე ჩინეთმაც დაგვიდასტურა ამ გზით განსაკუთრებული დაინტერესება და იკვეთება, რომ ეს გზა საქართველოს დაუბრუნებს გზაჯვარედინის, „აბრეშუმის გზის“ ოდინდელ ფუნქციას. ქვეყნებსა და კონტინენტებს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ტვირთების გადაზიდვის ეს ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ამჟამად ხორცს ისხამს, მთლიანად შეცვლის რეგიონულ და ნაწილობრივ – მსოფლიოს ამჟამინდელ წესრიგსაც!

 – მაგრამ ეს მხოლოდ პერსპექტივებია. ამასობაში კი, დასავლურმა სანქციებმა რეალურად მოგვიკაკუნეს და ვაითუ, გაუთვალისწინებელი ზიანიც გამოიწვიონ?

– ხიჭვი უნდა ამოიღო, რათა მუდმივ დისკომფორტს თავი დააღწიო. ხიჭვის ამოღების მომენტში დისკომფორტი მატულობს, თუმცა შემდეგ ნატკენი ადგილი სამუდამოდ შუშდება. დიახ, ამ სანქციების შედეგად, ცოტათი კიდეც გაგვიჭირდება, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ საპირწონე მხარეს არის ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და სუვერენიტეტი, რომლის დათმობას ჩვენგან ევროკავშირი მოითხოვს, თუმცა არანაირ ფასად ჩვენ არ ვაპირებთ! ისედაც, აქამდე ბევრი რამე დავუთმეთ დასავლეთს სუვერენიტეტის ნაწილის ჩათვლით, იმის იმედად, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ეკონომიკის აღორძინებაში დაგვეხმარებოდა, თუმცა, აღმოჩნდა რომ, ამაოდ. უკვე ცხადია, რომ ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს მარტო თავიანთი მიზნების განსახორციელებლად ვჭირდებით. ამ მიზნის მისაღწევად კი, ისინი ჩვენგან მოითხოვენ მსოფლმხედველობის თუ ეროვნული და სარწმუნოებრივი ფასეულობების რადიკალურ ცვლილებას, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი უზნეობის დანერგვას და უსიტყვო მორჩილებას. საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცე პოზიცია დააფიქსირა, რომ ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევას, ასევე, ეროვნული ცნობიერების შეცვლას არ დაუშვებს; რომ სუვერენული ქართული სახელმწიფოს უფლებაა, თავად განსაზღვროს ზნეობრივი ორიენტირები და ამ უფლების ჩამორთმევა სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია! დასავლეთს ასეთი პრიორიტეტების გამო პატივს აღარ სცემს არცერთი ჩვენი უახლოესი მეზობელი! აგერ აზერბაიჯანმა პირდაპირ მიახალა – “Ты кто такой, давай до свидания!” ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და დასავლეთის მოთხოვნებს დავყვეთ, ჩვენს უახლოეს სამეზობლოსთან ურთიერთობების გადასინჯვა და მწვავე დაპირისპირება მოგვიწევს!

 – მაგრამ, სად არის გარანტია, რომ მომავალში სუვერენიტეტის დათმობას არ მოგვთხოვს „ბრიქსი,“ როდესაც ამ კავშირში გაწევრებას დავაპირებთ?

– რუსეთი ჩვენგან სუვერენიტეტის დათმობას არ ითხოვს. „3+3“ ფორმატის (რუსეთი-თურქეთი-ირანი, სომხეთი-აზერბაიჯანი-საქართველო) და „ბრიქსის“ თანამეგობრობის ქვეყნებსაც საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული თვითმყოფადობა არაფერში ხელს არ უშლით! პირიქით, საქართველოს გავლით აბრეშუმის გზა და სხვა ლოჯისტიკური პროექტები თუ ამოქმედდება, „ბრიქსის“ ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებულები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვით; ტერიტორიული მთლიანობის და განვითარებული ეკონომიკის  უზრუნველყოფით, რადგან მათ ინტერესებში იქნება სტაბილური საქართველო, რაც ამ პარამეტრების გარეშე წარმოუდგენელია. უფრო მეტსაც გეტყვით: მაქვს ვარაუდისთვის მყარი საფუძვლები, რომ „3+3“ ფორმატის ცენტრი, ანუ დედაქალაქი – თბილისი იქნება! ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა, ვინ არის მისი მტერი, ვინ ართმევს სუვერენიტეტს. ახლა კი, მალე ვიხილავთ, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ვინ დაგვეხმარება მტრების მიერ შექმნილი პრობლემების მოგვარებაში!

 – პროლიბერალური ტელეარხები უკვე აჟივჟივდნენ, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იგეგმება. ეს სიმართლეა?

– დასავლეთიდან ზეწოლების ფონზე საქართველოს ახლა ძალიან სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა, დასავლეთი გამალებით ცდილობს, საქართველოში მოაწყოს რევოლუცია და დაამხოს ურჩი ხელისუფლება, რომელმაც მტკიცე უარი უთხრა ბრძანებების შესრულებაზე. ქართველები მარტონი ამ პრესს ვერ გავუძლებთ. მიმაჩნია, რომ დღის წესრიგში სწორედ ახლა დგება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ამოცანა. დიახ, მოსკოვში საქართველოს საელჩო უახლოეს მომავალში უნდა აღდგეს და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

 – მაგრამ, ლიბერალი ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და პირისპირ საუბარი საქართველოს ინტერესებს დააზიანებს.

– პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს, მხოლოდ, ეს ხდება სახალხო დიპლომატიის ფარგლებში. სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რუსეთთან უმაღლეს დონეზე დალაპარაკების მიზნით არის აუცილებელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა! ერთმანეთის პირისპირ უნდა დასხდნენ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრები, დიპლომატები და ისაუბრონ პრობლემის გადაჭრაზე. ჟენევის ფორმატით რუსებთან საუბარი შედეგს ვერ მოიტანს, ის მკვდრადშობილი ფორმატია. „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან ექსკლუზიურად ვაჟღერებ წინადადებას, ჟენევის ფორმატი მინსკში გადავიტანოთ, „მინსკის ფორმატად“ გარდავქმნათ! ფორმატში მონაწილეობისთვის მოვიწვიოთ ბელარუსი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი და მათი თანდასწრებით დაველაპარაკოთ რუსეთს! შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი „3+3“ ფორმატშიც განვიხილოთ, ოღონდ ფორუმს ისევ მინსკმა უმასპინძლოს. პარალელურად, მზად უნდა ვიყოთ   ფინანსური თუ პოლიტიკური რყევებისთვის, ყველა სცენარისთვის, რაც კი შეიძლება დასავლეთმა თავს მოგვახვიოს.

 – რას გულისხმობთ?

– ჩვენი ყოფილი „პარტნიორები“ ფინანსურად ძლიერები არიან და საქართველოში კარგად გაწვრთნილი რეზიდენტული ქსელიც გააჩნიათ. ისინი უკანასკნელად აუცილებლად გაიბრძოლებენ, მაგრამ ჩვენი მეზობლები არ დაუშვებენ, რომ საქართველოში დასავლეთმა მეორე ფეხიც მყარად დადგას, პირიქით – უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი ქვეყნიდან ფეხი სამუდამოდ ამოიკვეთოს! მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა გამჟღავნდა საუკუნის პროექტის შესახებ, რომლის თანახმად, ანაკლიის პორტი ჩინური ინვესტიციით უნდა აშენდეს!

 – ეს გადაწყვეტილება რაზე მიანიშნებს?

– ჩინეთი მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა, ნედლეულის შესყიდვა და თავისი ნაწარმის გაყიდვა ესაჭიროება. სავაჭრო გზების 90 პროცენტი სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრიდან კონტროლდება, მაგრამ ჩინეთს საკუთარი გზა ესაჭიროება და, საბედნიეროდ, საქართველო ამ საკვანძო ალტერნატიულ მარშრუტზეა. თანაც, ჩვენს რეგიონში ყველა მეზობელი თანახმაა, რომ მარშრუტმა საქართველოზე გაიაროს. ამ პროექტის განხორციელება განამტკიცებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ეკონომიკურ აღმავლობას! მაგრამ პარალელურად, ამ პროექტის რეალიზაცია სამუდამოდ დაასამარებს შავ ზღვაზე კონტროლის დამყარების ვაშინგტონისეულ მცდელობას! რა თქმა უნდა, ეს მოხდება უკრაინის ფრონტზე რუსეთის მიერ მოპოვებული შედეგების პარალელურად. აი, ასეთი რეალობა დგება. რეგიონში და მთელ მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდება, რასაც საქართველომ ფეხი სათანადოდ უნდა აუწყოს, რაც იმას ნიშნავს რომ, დროულად გადაეწყოს „3+3“ და „ბრიქსის“ ფორმატებში მონაწილეობის მისაღებად! ეს იქნება საქართველოსთვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული თვითმყოფადობის და სარწმუნოების დაცვის, საქართველოს ნეიტრალიტეტის მყარი საფუძველი, ხოლო ამ ყველაფრის, განსაკუთრებით კი, სარწმუნოების დაცვის გარანტი იქნება რუსეთი, რომელიც საქართველოსთვის ისედაც ყოველთვის ამ ფუნქციას ასრულებდა.

 – ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს მტერია. პირადად თქვენი აზრი მაინტერესებს, რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტი ქართველ ხალხთან როგორ დამოკიდებულებაშია?

– დაბეჯითებით მინდა გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინს გულწრფელად უყვარს ქართველები! 2003 წელს პირადად ვიმყოფებოდი მოსკოვში სუფრასთან, რომელსაც უსხდნენ ვლადიმერ პუტინი და იგორ ივანოვი, როდესაც შევარდნაძემ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. – „როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, ასე ხომ, სისხლი დაიღვრება!“ – სინანულით ჩაილაპარაკა პუტინმა.  – „იგორ სერგეევიჩ!“ – მიუბრუნდა იგი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს – „სასწრაფოდ გაემგზავრეთ თბილისში და ქართველებს აარიდეთ განსაცდელი!“ დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალშიც, ვლადიმერ პუტინი გადამწყვეტ სიტყვას ქართველების მხარდასაჭერად იტყვის!

ბოლოთქმა:

 ინტერვიუ 12 ივნისს ჩავწერეთ, როდესაც რუსი ხალხი „რუსეთის დღეს“ ზეიმობდა. მამუკა ფიფიამ გვთხოვა, „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან რუსი ერისთვის ამ დღესასწაულის  მილოცვის საშუალება მიგვეცა:  – „რუსებს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს! უფალმა ინება,  ქართველები და რუსები ერთობლივი ხვედრით დაგვაკავშირა – იქნება რუსეთში მშვიდობა? – სიმშვიდე იქნება საქართველოშიც! რაც უნდა  მტერი შუღლის ჩამოგდებას ეცადოს, ჩვენი ერები მაინც ერთმანეთისკენ ილტვიან. უფლის ნებით, რუსები და ქართველები იმ გადამწყვეტ ბრძოლაშიც მხარდამხარ ვიქნებით, რომელიც ანტიქრისტეს წინააღმდეგ გაიმართება და ჩვენი ძმური ერთობით დავამარცხებთ ბოროტს!“

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

წყარო: “ასავალ-დასავალი”