მარიამ ჯაში: განათლების სისტემაში უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის ეტაპი იწყება, რომელიც ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ფუნდამენტურ ცვლილებებს მოახდენს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სასკოლო განათლების ფორუმში მონაწილეობა მიიღო, რომელიც საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ფორუმის მთავარი მიზანია, ერთიანი სივრცის შექმნით სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგი.
მარიამ ჯაშმა ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ განათლების სისტემაში მასშტაბური, უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის ეტაპი იწყება, რომელიც ნამდვილად ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს.
„ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოველდღიურად მართავენ საგანმანათლებლო სივრცეში როგორც დაწესებულებას, ასევე – სასწავლო პროცესს. ჩვენ რაც  უნდა ვიმსჯელოთ პოლიტიკურ დეკლარაციებზე და რაც  უნდა შეჯერებული ვიყოთ მთავარ პოლიტიკურ გზავნილებზე, თუკი ის არ შეესაბამება უშუალოდ განმახორციელებელთა ხედვას, მათი თვალით დანახულ სისტემურ პრობლემებს, ბუნებრივია, ვერ იქნება ნებისმიერი ინიციატივა წარმატებული”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მან ფორუმის მონაწილეებს შეახსენა, ცოტა ხნის წინ თუ რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ხელისუფლების მხრიდან განათლების სისტემის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
„6%-ით მთლიანი შიდა პროდუქტიდან დაფინანსება – ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია პრემიერმინისტრის ინიციატივის საფუძველზე, რაც მოგვცემს სისტემაში არსებული ბიუჯეტის 2,5-ჯერ გაზრდის საშუალებას 2022 წლისთვის და ყოველწლიურად, სულ მცირე, 500 მლნ ლარის ოდენობის ბიუჯეტის მატებას. სექტემბრიდან დაწყებულია პედაგოგთა ანაზღაურების პირველი ტალღა, რომელიც ცალსახად პოზიტიურად არის შეფასებული ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკოსი თუ სერტიფიცირებული მასწავლებლების მხრიდან. საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზებული ინიციატივაც კარგადაა ცნობილი და მე ვფიქრობ, ეს იყო სწორედ ის არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც ღირსეულ გაცილებას სთავაზობს ჩვენს დამსახურებულ პედაგოგებს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა ბუნებრივია, მხოლოდ რამდენიმე ინიციატივით ფუნდამენტური და მასშტაბური რეფორმის განხორციელება შეუძლებელია და ვფიქრობ, ჩვენ სისტემას ნამდვილად სჭირდება ანალიზი, რისთვისაც მოწოდებულია ეს ფორუმი”, – განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციას ღონისძიების გამართვისათვის და აღნიშნა, რომ ეს ფორუმი კარგ ტრადიციას უყრის საფუძველს.
„დარწმუნებული ვარ ფორუმის მასშტაბი და მონაწილეობა ყოველწლიურად გაიზრდება. მადლობა ასევე ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ფორუმის ჩატარებას”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
ფორუმი გახსნა და მის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, სკოლა „ლოგოსის” სამეცნიერო ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია. მისი განცხადებით, შეხვედრა ძირითადად ორ მთავარ თემას მოიცავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული განათლების სისტემის მომავლისათვის: ერთია – გააზრება იმისა, თუ რა გზა გამოიარა ქართულმა სკოლამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, რამეთუ სისტემური ხედვა ამ გზის შესახებ არ არსებობს, რის გარეშეც ძნელი იქნება იმის გააზრება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში. მეორე მთავარი თემა კი ახალი სკოლის – განათლების ახალი რეფორმის საკითხს უკავშირდება.
ფორუმის ფარგლებში, დღის განმავლობაში გაიმართა პანელური დისკუსიები და გამოსვლები, სადაც საუბარი იყო თემებზე: განათლების სისტემის რეფორმების ისტორია 1991 წლიდან დღემდე, განათლების სტრატეგიები, დაგეგმილი და განუხორციელებელი რეფორმები; ახალი სკოლის მოდელი; სინთეზური აზროვნების აუცილებლობა; სკოლის მართვის ინოვაციური სისტემები და სხვა.
როგორც ფორუმზე აღინიშნა, დღეს ცალსახად პოზიტიურად ფასდება მიმდინარე რეფორმები განათლების სისტემაში, თუმცა, ბუნებრივია, რჩება გამოწვევები სისტემაში სწორედ სკოლის ეტაპზე, ზოგადი განათლების ეტაპზე, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა. განხილვების შედეგად შეიმუშავეს კონკრეტული რეკომენდაციები როგორც საკანონმდებლო, ასევე – აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის.
აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი”, „კოალიცია განთლება ყველასათვის საქართველო”, „თიბისი ახალი თაობისათვის”, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და Schoobook, ხოლო მედიაპარტნიორები: Marketer.ge და National Geographic საქართველო.