მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს ხმა მხოლოდ 30-მა დეპუტატმა მისცა.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი –  შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში ათ იანვარს გარდაიცვალა.

სუს-ი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზეც. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის შესაძლო კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებოდნენ თბილისის ქუჩებში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებსა  და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ.