მეუფე შიო: ჩვენი მოწოდება არის ზეციური ცხოვრება და ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო არის ზეციური სასუფეველი

“საოცარი დღეა, დღეს არის ზეცის დღესასწაული, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ლუკა მახარობელი წერს, რომ იესო ქრისტე 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოსწავლეებს და ყოველდღე ესაუბრებოდა მათ ეკლესიის მოწყობის, ცათა სასუფევლისა და ქრისტიანული საიდუმლოებების შესახებ”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სხალთელმა მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიისას განაცხადა.
მან მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ეს არის ზეცად ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. გადმოგცემთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დალოცვას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა-კურთხევა. საოცარი დღეა, დღეს არის ზეცის დღესასწაული, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ლუკა მახარობელი წერს, რომ იესო ქრისტე 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოსწავლეებს და ყოველდღე ესაუბრებოდა მათ ეკლესიის მოწყობის, ცათა სასუფევლისა და ქრისტიანული საიდუმლოებების შესახებ. და, აი, მე-40 დღეს, როდესაც ბოლოჯერ დალოცა ისინი, ესაუბრა, მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა. მოციქულებმა იხილეს ეს საოცარი რამ, თაყვანი სცეს მას.
რა სიხარულია ეს. ეს კითხვა ჩნდება. თითქოს, ის ყოველდღიური შეხება, ურთიერთობა მკვდრეთით აღდგომილ ქრისტესთან დასრულდა ამ დღეს მათ მიწიერ ცხოვრებაში და, თითქოს, ​მწუხარება უნდა ყოფილიყო განშორებისგან, მაგრამ, ამის ნაცვლად, მათ ჰქონდათ ეს სიხარული. შეიძლება ითქვას, რომ ეს განშორების სიხარული თან გასდევს მთელ ჩვენს ქრისტიანულ ისტორიას ამ 2 000 წლის განმავლობაში. ეს არის სიხარული იმისა, რომ უფალი ამბობს – მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და სიხარული იმისი, რომ მათ იხილეს ზეცად ამაღლებული უფალი და რომ იესო ქრისტემ თავისი ზეცად ამაღლებით დაგვიბრუნა ზეციური ცხოვრება, ჩვენი ნამდვილი სამშობლო, ეს არის ჩვენი ცათა სასუფეველი. პავლე მოციქული ამბობს ამის შესახებ, იესო ქრისტეს უწოდებს წინამორბედს. წინამორბედი არის ის, ვინც გზას კვალავს სხვებისთვის, იესო ქრისტემ გზა გაგვიკვალა ზეცისკენ. თვითონ იესო ქრისტეც ასწავლის თავისი ზეცად ამაღლების შესახებ. იგი ამბობს – სავანენი მამისა ჩემისანი მრავალ არიან და მე წარვიდე, განგიმზადოთ თქვენ ადგილი და კვალად მოვიდე, რომ წაგიყვანოთ ჩემთან, რათა სადაც მე ვიყო, მუნცა თქვენ იყოთ, ასევე ამბობს – „ოდეს ავმაღლდე ქვეყნისგან, ყველანი მოვიზიდო ჩემთან.
​ადამიანის ბუნება განიღმრთო. აი, ამ დღეს ვდღესასწაულობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მკაფიოდ ჟღერს ეს დღევანდელ ცხოვრებაში. უმეტესწილად, დღევანდელი ცივილიზაცია და იდეოლოგია მაინც მიწიერი ცხოვრებისკენ მიგვიზიდავს, მიწიერ კეთილდღეობაზეა აწყობილი ყველაფერი და მთავარი მიზნები ამის გარშემო არის.

ამიტომ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჟღერს უფლის ეს სიტყვები და მოწოდება. აქ ჩანს, რომ ჩვენი მოწოდება არის ზეციური ცხოვრება და რომ ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო არის ზეციური სასუფეველი, რომელიც იწყება მიწიერ ცხოვრებაში. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ეკლესიაში გვეძლევა საშუალება, ქრისტესთან თანაზიარებით გავხდეთ ამ ცხოვრების მონაწილე. ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასწროთ და უფალმა ინებოს ჩვენი ამაღლება, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის“, – აღნიშნა მეუფე შიომ.