„მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებათა შესრულების ვადას სავარაუდოდ აღარ გაუხანგრძლივებს“

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა:

„მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებათა შესრულების ვადას სავარაუდოდ აღარ გაუხანგრძლივებს.

დარჩა რამდენიმე დღე ბოლო ვადის ამოწურვამდე. მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაღალი მოლოდინები ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. რაც შეეხება პროექტის გადავადებას, ეს არის ყოვლად მიზანშეუწონელი. პროექტი ისედაც საკმაოდ დაგვიანდა და ჩვენ პირველი ტენდერის პირობების მიხედვით და პირველადი შეთანხმებით ინვესტორთან 2020 წელს უკვე მოქმედი პორტი უნდა მიგვეღო და პროექტის პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო. ეკონომიკა ისედაც საკმაოდ დაზარალდა იმის გამო, რომ ჩვენ ჯერაც არ გაგვაჩნია ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა. მე, პირადად ვერ ვხედავ ამ პროექტის მეტად გადავადების პერსპექტივას“.

31 დეკემბერი კი საბოლოო ვადა, როდესაც კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის დასასრულებლად.

კონსორციუმმა 16 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ახალი ინვესტორის მოძიებაზე და ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობის იმედზეა საუბარი.