„მივმართავ პროკურატურას, საქმე სწრაფად გამოიძიოს“, – ირაკლი შიხიაშვილი

“ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, „გეორგია შენი პროექტიას” დამფუძნებელი ირაკლი შიხიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემა შაბათის კურიერში გასულ ინფორმაციას ეხმიანება და მას მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს.
როგორც შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს იყო შეკვეთილი, საგანგებოდ დაჭრილი და დამახინჯებული სიუჟეტი:
„ეს იყო შეკვეთილი სიუჟეტი, რისი ფიქრის საშუალებასაც მაძლევს ის გარემოება, რომ არცერთი იქ მოყვანილი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. სიუჟეტი იყო გაუგებარი მოტივებით შეკრებილი, დაჭრილი და დამახინჯებული.
მინდა მივმართო და განვუმარტო საზოგადოებას, თუ რა ვითარებაა ამასთან დაკავშირებით! არ ვაპირებ დუმილს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რადგან არ შეიძლება ასეთი მძიმე ბრალდება წამოგიყენონ და ის ყურადღების მიღმა დატოვო, როცა მართალი ხარ. ამიტომ გადაწყვეტილი მაქვს, ჩემს იურისტებთან ერთად, კონსულტაციის შემდეგ, შევიტანო სარჩელი იმ აზრბაიჯანელი მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც ურცხვად აცხადებს, თითქოს მე მისგან ავიღე ქრთამი, თან ეს ქრთამი ავიღე რედისონში.
სიუჟეტის მიზანი ალბათ ის იყო, რომ გამოჩენილიყო, თითქოს მე ვარ ხარბი, მექრთამე და თან იმდენი ჭკუაც არა მაქვს, რედისონში არ ავიღო ქრთამი“, – აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი და დასძენს, რომ საქმის სასწარაფოდ გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართავს.
მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს აქვს შესაძლებლობა, გამოძიებას აზერბაიჯანის ძებნილი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენაში დაეხმაროს.
„მივმართავ პროკურატურას, თუ ამ საქმეზე დაწყებული აქვს გამოძიება, მზად ვარ დავიკითხო და მივცე ჩვენება, რათა გამოძიება სწრაფი ტემპით გაგრძელდეს. თუ არ არის დაწყებული გამოძიება, მაშინ ვთხოვ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს და იმედი მაქვს, „რუსთავი 2“ აქტიურად ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან მან იცის ამ აზრბაიჯანელი მოქალაქის ადგილსამყოფელი. მან მოახერხა და იპოვა ის აზრებაიჯანში. იმიტომ ვამბობ ამას, რომ ეს ადამიანი არის ჩვენი კანონმდებლობით ძებნილი, მას რამდენადაც ვიცი, რამდენიმე მუხლით ედავებიან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას და მითვისებას, არშესრულებული ტენდერების გამო და სატენდერო ვალდებულებების გამო და „რუსთავი 2“ იმედია, მისცემს შესაბამის ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებს, რათა ამ ძებნილი ადამიანის ადგილსამყოფელი დადგინდეს.
სიმართლის სწრაფად დადგენა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ სამარცხვინოდ გრძელდება ეს კამპანია და ყოველთვის ემთხევა ხოლმე იმას, როდესაც ვიმყოფები საზღვარგარეთ, აშშ-ში ჩვენს პარტნიორებთან, სადაც ვცდილობ, მეტი მეგობარი შევძინო ჩვენს ქვეყანას და უფრო აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის წარმომადგენელი ხელმძღვანელობა, და ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, ქართულმა და ამერიკულმა საზოგადოებამ უფრო ღრმა და საფუძვლიანი ურთიერთობა დაამყაროს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ანარ ალექბეროვი, რომელიც ტენდერებს იგებდა, ამტკიცებს, რომ წილი მაღალჩინოსნებთან, კერძოდ, ვეტერანთა სამსახურის იმდროინდელ უფროსთან ირაკლი შიხიაშვილთან მიდიოდა.

https://m.facebook.com/watch/?v=843442182691837&refid=12&ref=opera_for_android_speed_dial