მიხეილ კალანდიას მამა – ჩემი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! – პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას

ჩემი შვილი უდანაშაულოა, – ამის შესახებ შსს-ს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ კალანდია ცოტა ხნის წინ შსს-ს შენობასთან მივიდა, სადაც მისი დაკავებული შვილია გადაყვანილი. მისი განმარტებით, ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

“ახლა პოლიტიკური ინტერესი არსებობს “რუსთავი 2″- ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს”, – განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.