მიხეილ სააკაშვილი – ახლა ივანიშვილი შეეცდება ერთი-ორი ბარტყი გადმოაგდოს, ვიღაც კობახიძეს გადმოაგდებს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? (ვიდეო)

ახლა ივანიშვილი შეეცდება გამოვიდეს, ერთი ბარტყი გადმოაგდოს, ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს, თვალები ჩააპაჭუნოს. ხალხო, მე მგონი, აღარ ვჭამთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებს, გავიდნენ დღეს რუსთაველის გამზირზე და დაასრულონ ივანიშვილის მმართველობა.

„ახლა ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე საკითხები, ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს საქართველო უნდა გამოვიდეს, მათ შორის ჩემი ყველა მომხრე უნდა გამოვიდეს და ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. არ არის კანონიერი, როდესაც შუასაუკუნოვანი ფეოდალი მართავს ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ევროპის ნაწილი. არ არის ქართველი ხალხი ღირსი, ასე გაბანძების, ასე გაუბედურების. ჩვენ ოდესღაც ვიყავით მსოფლიოს პირველი რეფორმატორები, ჩვენ შემოგვნატროდა ძალიან ბევრი ქვეყანა. ამ კაცმა გააჩანაგა საქართველოს ეკონომიკა და მილიონი ქართველი გააქცია ქვეყნიდან. უბედურებები ჩაიდინა, რუსეთს გადასცა 2008 წლის ომის მონაწილეების გვარები და ამ სიების გამო მოკლეს ტატუნაშვილი, ამ სიების გამო დააპატიმრეს ბევრი რუსეთში, ამ სიების გამო ინადირეს ხალხზე,მათ შორის აქ, უკრაინაში. რუსების დავალებით შეაჩერა ლაზიკის პორტის მშენებლობა, რუსების დავალებით გააკეთა ბევრი სხვა საზიზღრობა და გუშინ ბოლომდე დაგვცინა და გაგვასწორა მიწასთან. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, რამდენიმე ახალგაზრდა მძიმედ დასახიჩრდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Posted by Mikheil Saakashvili on Friday, June 21, 2019