მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ მან გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” ეთერში ისაუბრა:

„ვლადიმირ ზელენსკიმ დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან.
მე ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი – კიევში, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი არმიაში; კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია, ციხეშიც კი ვმჯდარვარ. კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად.
მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორიც არის საქართველოში. ქართველი ერის ისტორიაში ივანიშვილი დარჩება მხოლოდ იმით, რომ მე არ მიშვებს ჩემს ქვეყანაში დროებით, მაგრამ ესეც ძალიან მალე დასრულდება.
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას, გამოსტაცებს ხელიდან და ზუსტად ისე დამარცხდება, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.