ნათია თურნავა: წალენჯიხელებს დავპირდი, რომ მალე, დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები, დანაპირებს ვასრულებთ

„დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა წალენჯიხისთვის, რადგან აქ ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ჩვენ შემოდგომაზე ვიყავით აქ ჩამოსული, პირადად მე, შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას და დავპირდი, რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები. ამ დანაპირებს ვასრულებთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში განაცხადა.

მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები პირადად დაათვალიერა. ეკონომიკის მინისტრი წალენჯიხაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესში დაგეგმილი სამუშაოების დეტალები,მათ თავად გააცნო.

პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური, ჯამში, აიგება 39675 მეტრი მაღალი წნევის მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 132 597 მეტრი სიგრძის მქონე გაზსადენი. პროექტის დასრულების შემდეგ, 2897 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას.

ნათია თურნავას თქმით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3-წლიანი გეგმის ფარგლებში, გაზიფიცირდება 13 სოფელი.

„მთავრობამ დაამტკიცა 3-წლიანი გეგმა და სულ რამდენიმე დღის წინ, ეს სამუშაოებიც დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს, გათბობის სეზონის დადგომამდე, ანუ ზაფხულის მიწურულს, 3000-მდე წალენჯიხელს, ოჯახს, სახლებში ბუნებრივი აირი ექნება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება, საიდანაც 75 – სამეგრელოშია.

„აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა ჩვენ მიერ გადაწყვეტილია სწორედ ისე, როგორც მოსახლეობას დავპირდით”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.