ნანა კაკაბაძე: საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა არატრადიციული ორიენტაციის პირთათვის, მაგრამ საშიშია ვაჟკაცებისა და პატრიოტებისათვის!

უცხოეთში თავშეფარებულ და თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს ცუდი დრო დაუდგათ – ევროპის ქვეყნების დიდმა ნაწილმა საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოდ აღიარა, რაც ავტომატურად, სამშობლოში საქართველოს მოქალაქეების მიმართ დევნა-შევიწროვებას გამორიცხავს. მაგრამ, მართლაც არის თუ არა საქართველოში საზოგადოების ყველა ფენა დაცული და აღმოფხვრილია თუ არა ყველა მიზეზი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს სამშობლოდან გადახვეწას აიძულებს? ვესაუბრებით უფლებადამცველსა და ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარეს, ნანა კაკაბაძეს:

– ევროპელებმა უტყუარ ჭეშმარიტებად მიიჩნიეს, რომ საქართველოში კრიმინალმა მკვეთრად იკლო, დაბალია ტერორიზმის საფრთხე, სააკაშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ ადამიანებს პოლიტკური ნიშნით აღარ სდევნიან. შესაბამისად, ევროპა უარს ეუბნება თავშესაფარზე იმ ქართველებს, რომლებიც კვლავ პოლიტიკურ დევნაზე აპელირებენ. უცხოეთში თავშესაფარი ადრე ძირითადად, ამის გამო ეძლეოდათ. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოქალაქეებს უნდა უხაროდეთ, რომ სტაბილურ ქვეყანაში უწევთ ცხოვრება. დიახ, საქართველოში პოლიტიკური ნიშნით აღარავის სდევნიან, სამაგიეროდ მიმდინარეობს ადამიანების სხვა ნიშნით დევნა, რაც სამწუხაროდ, ევროპას საერთოდ არ აინტერესებს.

მინდა პირდაპირ გკითხოთ – არის თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანა საზოგადოების ყველა ფენისთვის?

– არ არის! ქვეყნის შიგნით ადამიანებს გააჩნიათ ძალიან ბევრი პრობლემა, რომლებსაც ხელისუფლებაც და დასავლეთიც უყრუებს, რადგან დევნა არ ეხებათ უცხოელ ტურისტებს. ბოლო წლებში აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ადამიანების დევნა რელიგიური ნიშნით, უფრო კონკრეტულად – მართლმადიდებლების დევნა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. მთელი არასამთავრობო სექტორი, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს ადამიანების რელიგიური ნიშნით დევნისგან დასაცავად, ფაქტობრივად, არაფრად აგდებენ, რომ მართლმადიდებლების წინააღმდეგ შავი პიარი, მათი დამცირების და შეურაცხყოფის გეგმაზომიერი კამპანია მიმდინარეობს. უფრო ზუსტად, არასმთავრობო სექტორის დიდი ნაწილი თავად არის ამ კამპანიის განმახორციელებელი.

– უფლებადამცველის თვალით, რაში გამოიხატება მართლმადიდებლების შევიწროვება?

– მართლმადიდებლებს მრწამსის გამო საქართველოში ჯერჯერობით, არ აპატიმრებენ, მაგრამ თვით კომუნისტურ საქართველოში, საბჭოთა, ათეისტურ საზოგადოებაში არ მიმდინარეობდა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ისეთი ბინძური პროპაგანდა, როგორსაც დღეს აქვს ადგილი. ტელეკომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მეტ ცინიზმს და ზიზღს გამოავლენს მორწმუნე საზოგადოების მიმართ; მორწმუნეთა გასაღიზიანებლად ვინ მეტ მკრეხელობას ჩაიდენს. ამ სფეროში პირველობას არავის უთმობს “რუსთავი-2,” რომელიც ხან “თვითმკვლელ ღვთისმშობელს” გამოფენს, ხან ნაკურთხი წყლის პკურების გაშარჟებას ახდენს. ეს არის ძალზე მტკივნეული საკითხი, რომელიც სამწუხაროდ, არანაირად არ არის ასახული საერთაშორისო მოხსენებებში და ანგარიშებში. ამის პარალელურად, სხვა კონფესიის წარმომადგენელს თმაც რომ შეერხეს, თუნდაც ფაქტს არანაირი კავშირი არ ჰქონდეს იმ პირის აღმსარებლობასთან, ხდება სიტუაციის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს პირი მართლმადიდებლობისგან განსხვავებული აღმსარებლობის გამო იდევნება. შესაბამისად, ქვეყანაში იქმნება ფონი, თითქოს მართლმადიდებლები მოძალადეები არიან და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ჩაგრავენ. სხვათაშორის, მსგავსი დამოკიდებულება აღინიშნება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა მიმართაც – ვთქვათ, კრიმინალურ ნიადაგზე მოხდა მკვლელობა – თუ მსხვერპლი არატრადიციული ორიენტაციის იყო, აუცილებლად ისე გამოიყვანენ, თითქოს სექსუალური იდენტობის საფუძველზე მოკლეს. გამოძიებაც კი არ მოხდა, როცა ახლახან საპატრიარქოს კედელზე უცნობმა პირებმა საზარელი უხამსობა მიჩხაპნეს, თუმცა არასამთავრობოები ქვეყანას წიოკით აიკლებდნენ, მსგავსი წარწერა სხვა კონფესიის საკულტო ნაგებობის კედელზე რომ შეემჩნიათ.

– ასე რად ხდება?

– საქმე იმაშია, რომ ჯგუფები, რომლებიც რატომღაც, ლიბერალებად იხსენიებიან, სინამდვილეში არიან ეროვნული, ტრადიციული და მართლმადიდებლური ღირებულებების მტრები! საბჭოთა პერიოდში ათეისტები უარყოფდნენ ზოგადად ღმერთს და რელიგიას; თანამედროვე ათეისტები კი, კონკრეტულად, მართლმადიდებლობას ებრძვიან! თანამედროვე “ლიბერალები” განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ გაცილებით დაუნდობლები არიან, ვიდრე საბჭოთა უშიშროება გახლდათ. თანამედროვე არასამთავრობო სექტორი დამოკიდებულია უცხოურ გრანტებზე, ხოლო დონორი ინსტიტუტები პირდაპირ, რეალობის გაყალბების დაკვეთებს იძლევიან, იმ მიზნით, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, თითქოს საქართველოში ყველა სახის უმცირესობა იდევნება. რელიგიური ნიშნით ზოგჯერ მართლაც ხდება უმცირესობების შეურაცხყოფა, თუმცა ასეთი შემთხვევების უმეტესობა ისევ და ისევ გრანტიჭამია არასამთავრობოების მიერ არის პროვოცირებული, რათა ქართველი ერი უმცირესობების მჩაგვრელად წარმოაჩინონ. არადა, ჩვენი ერი უკიდურესად ტოლერანტულია, ოღონდ არა იმიტომ, რომ ამას საერთაშორისო კონვენციები ითვალისწინებენ, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ერის ბუნება გახლავთ ტოლერანტული. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანაარსებობს სხვადასხვა კონფესია, რომლის დედაქალაქში, ერთ კვადრატულ კილომეტრში, ერთმანეთის გვერდით არის აგებული ამ კონფესიათა სამლოცველოები; ეროვნული ნიშნით შევიწროვებაც, ქართული ბუნებისთვის მიუღებელია. ეროვნული და სარწმუნოებრივი ნიშნით ებრაელები თითქმის ყველა ქვეყანაში იდევნებოდნენ, მაგრამ მსგავსი არასოდეს მომხდარა საქართველოში. სამწუხაროდ, მუდმივად შემოედინება დიდძალი თანხები იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რეალობას შეგნებულად აყალბებენ და პრობლემის ილუზიას ქმნიან იქ, სადაც საერთოდ არ არსებობს. ამ ფონზე, საქართველოში იჩაგრება ეროვნული უმრავლესობა – ქართველი ერი, იჩაგრება რელიგიური უმრავლესობა – მართლმადიდებლები; იჩაგრება ტრადიციული სექსუალური ორინტაციის მატარებელი უმრავლესობა. დიახ, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ყველანაირი თვალსაზრისით არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებისთვის, სამაგიეროდ, აქ ცხოვრება საშიშია ვაჟკაცებისთვის და პატრიოტებისთვის! პარადოქსია, მაგრამ საქართველოში უმცირესობები დისკრიმინაციულად ჩაგრავენ უმრავლესობას!

– ნუთუ, ეს დემოკრატიის ფარგლებში ხდება?

– დემოკრატია უმრავლესობის მმართველობას ნიშნავს. დემოკრატიულ ქვეყანებში საკანონმდებლო ბაზა უმრავლესობის ინტერესებზეა მორგებული. ხოლო თუ უმცირესობის ინტერესებზეა მორგებული სახელმწიფო, ის დემოკრატიული კი არა, ავტორიტარულია. დღესდღეობით, ყველაფერი აქეთ მიდის. ის ადამიანები, რომლებიც თავს ლიბერალებად მოიხსენიებენ, რეალურად არიან უმრავლესობის მიმართ სიძულვილით სავსენი, გაბოროტებულნი, რომლებიც სახელმწიფოს სადავეებს დღითიდღე ეუფლებიან და თავიანთ ძალაუფლებას უმრავლესობის ნების დასათრგუნად იყენებენ. მათ უკან დგანან საქაღტველოს სახელმწიფოებრიობის ნამდვილი მტრები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ საქართველო ჩამოიშლება, თუ მოირყევა მისი დედაბოძი – ეკლესია, მართლმადიდებლური სარწმუნოება, ის ღირებულებები, რასაც სარწმუნოება იძლევა და რაზეც საუკუნეების განმავლობაში ემყარებოდა ჩვენი ერის თვითმყოფადობა. ეს მარგინალური ჯგუფები ირწმუნებიან, რომ მათი გამოხატვის უფლებები დარღვეულია, თუმცა რეალურად, თავად ზღუდავენ უმრავლესობის გამოხატვის უფლებას.

– ხელისუფლების მხრიდან ადამიანების პოლიტიკური დევნა საქართველოში არ ხდება, სამაგიეროდ, ეს მარგინალები დევნიან.

– განსაკუთრებით მათ, ვინც წინა რეჟიმის დროს რეპრესიებში მოყვა და სამართლიანობის აღდგენას ამჯერად, კოაბიტაციის გამო ვერ ახერხებს. თუნდაც პირადად თქვენ – რამდენიმე კვირის წინ 20-მდე ტელეკამერის წინ ინტერვიუს აღების დროს თავს დაგესხათ ზონდერი, რომელმაც ხელი შეგიშალათ ჟურნალისტურ საქმიანობაში, მაგრამ პოლიციამ მას ხელი ვერ ახლო და პირიქით – თქვენ დაგაკავათ! აშკარად იკვეთება, რომ კანონის წინაშე ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს იდევნებოდნენ თანაბარნი არ არიან ყოფილ მდევნელებთან. აჟამინდელი ხელისუფლება უუნაროა, საკუთარი ჩრდილის ეშინია, იმ ადამიანების დაცვას ვერ ვისაც ხელისუფლების პოზიციებთან სამართლებრივი თანხვედრა აქვთ – ვერც თავად ბედვენ და უცხოეთში თავშესაფრის მიღებაშიც ხელს უშლიან. ამ უხერხემლო ხელისუფლებამ ისიც არ იცის, ევროპას რა ენაზე ელაპარაკოს, საკუთარი მოსახლეობის დაკვეთა როგორ შეატყობინოს.

– როგორც უფლებადამცველი – რა რეკომენდაციას მისცემდით ხელისუფლებას?

– ხელისუფლება პირველ რიგში, დემოკრატიის ცნების რაობაში უნდა გაერკვეს, შემდეგ, გაიაზროს – რა ტიპის, რომელ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს აშენებს. უცხოეთიდან წამოსული დაკვეთების ნაცვლად, ქართველი ერის, ეროვნული და სამოქალაქო საზოგადოების ნება გაითვალისწინოს.

წყარო: “ასავალ-დასავალი”