ნუკრი ქანთარია მიხეილ სააკაშვილზე: ჩამოვიდეს და ვაძლევ გარანტიას, „მატროსოვზე“ სტაფილოსა და კომბოსტოს არ მოვაკლებ

„მიხეილ სააკაშვილის ყველა გზა „მატროსოვისკენ“ მიდის. ჩამოვა და ჩაჯდება, არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და მაინც ჩაჯდება…”, – ამ განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიხეილ სააკაშვილს მაშინ გამოეხმაურა, როცა სესიაზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ შსს-ს საკანონმდებლო პაკეტს განიხილავდნენ.
„მინდა ამ თემით ვისარგებლო და ერთ აღტკინებულ, უსამშობლო, უპასპორტო დამნაშავეზე, ოღონდ ახლა პასპორტი მისცეს, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ახლანდელი კომენტარი წავიკითხე. როდესაც კაცი იქიდან ლაპარაკობს, სტაფილოს წვენი ვიღაცას არ გადასცდესო, ჩემი ჩამოსვლის ეშინიათო და რაღაც მსგავს სისულელეებს ამბობს… ეს მართლა, ბაჭიასაც ვეღარ ვიტყვი, რაღა დროს მაგის ბაჭიაობაა, ეს კურდღელი, ეს „კროლიკი“, პირდაპირ მაგის ენაზე მინდა ვთქვა, ამბობს, ჩამოვალო. ჩამოვიდეს და მე ვაძლევ გარანტიას, რომ “მატროსოვზე” არც სტაფილოს და არც კომბოსტოს არ მოვაკლებ. ერთი რამ უნდა იცოდეს – ჩამოვა ჩაჯდება, არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება, აუცილებლად ყველა გზა „მატროსოვისკენ“ მიდის“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, სწორედ ახლა არის საშუალება, განხორციელდეს ექსტრადირება, როცა მიხეილ სააკაშვილი უკვე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეა. დეპუტატმა უკრაინის პრეზიდენტს მიმართა, გაითვალისწინოს საუკუნოვანი მეგობრობა, სიყვარული და ხალხებს შორის ურთიერთობა.