“ოპოზიციის მოთხოვნა, რომ 2020 წლიდან პროპორციული სისტემა ამოქმედდეს, აზრს მოკლებულია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საუბარი პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე აზრს მოკლებულია. როგორც მან აღნიშნა, 2020 წლიდან ამ საკითხის ამოქმედება „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ორჯერ შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადეს.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ორჯერ შესთავაზა 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება. ერთხელ ეს მოხდა 2016 წელს, როდესაც დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე და, ასევე, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო. მაშინ პოზიციამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. მეორედ ეს იყო 2017 წელს, როდესაც უკვე მე ვიყავი პარლამენტისა და, ასევე, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. შევთავაზეთ 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის ამოქმედება და ოპოზიციამ უარი თქვა. ასეთ დროს ახალი პროცესის დაწყება, რა თქმა უნდა, არის აზრს მოკლებული. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმაზე, რაც გავიარეთ ამ წლების განმავლობაში. მათ დახურეს დისკუსია და ახლა დისკუსიის გახსნა არის აზრს მოკლებული.
​წაგებულები არიან. წააგეს ბოლო არჩევნები. ახლა დიდ იმედებს ამყარებენ ამ არჩევნებზე. უნდათ, რომ გაააქტუალურონ საკუთარი თავი და ასეთ დროს, ბუნებრივია, იწყებენ ახალ პოლიტიკურ პროცესებს, თუმცა ეს ახალი პროცესიც, ცხადია, განწირულია მათი წარუმატებლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, ოპოზიციის წარმომადგენლები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და, ასევე, ითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელიც, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.