პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო, ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება 20 ივნისს, პარლამენტთან გამართული აქციის დროს, აქციის მონაწილეების დაშავების ფაქტებზე, პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის დადგენის მიზნით, პროკურატურიდან წერილობით უპასუხეს.

„საქართველოს პროკურატურა სწავლობს ყველა ცალკეულ შემთხვევას და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს, სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.