პარლამენტის დელეგაცია, ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვაშინგტონს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 3-7 ივნისს,  ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა” (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა.
ვიზიტის მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების საკანონდებლო ორგანოს საქმიანობის ფედერალურ დონეზე შესწავლა. დელეგაციის წევრები ამერიკელი კოლეგების საქმიანობას გაეცნობიან და შეხვედრებს გამართავენ შემდეგ საკითხებზე: აშშ-ის მთავრობასა და კონგრესს შორის ურთიერთობების დინამიკა – როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა ფედერალურ და შტატების დონეზე; აშშ-ს კონგრესში კომიტეტების საქმიანობა საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პროცესში; საკომიტეტო მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე და ფინანსებზე ზედამხედველობა; მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სასამართლოზე ზედამხედველობა; კონგრესის კვლევითი ცენტრის (CRS) საქმიანობის შესწავლა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან კონგრესმენებს: ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ჯერი კონოლის, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარეს დევიდ ფრაის, ასევე, სტივ ვომაკს, ბარბარა ლისს, დინა ტიტუსა და დაიან დიჯეტს.
დელეგატები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: ინოვაციური პარლამენტი – გარე ექსპერტების როლი. ვიზიტის ფარგლებში, ქართული საპარლამენტო დელეგაცია გამართავს არაფორმალურ შეხვედრას საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელობასთან.
ქართველი პარლამენტარები და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა შეხვედრებს გამართავენ: უზენაეს სასამართლოში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესის და ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ოფისში (GAO), კონგრესის საბიუჯეტო ოფისში (CBO) და ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA). დელეგაციის წევრები, ასევე შეხვდებიან: პრესის წარმომადგენლებს, სადაც საუბარი იქნება პრესის როლზე კონგრესის ზედამხედველობით ფუნქციაში.
ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია თემატური სესიების გამართვა, მათ შორის, კონგრესის კვლევითი სამსახურის შემადგენლობასა და ოპერაციებზე. დელეგატები მიიღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებს კვლევითი სამსახურის საქმიანობას კონგრესი და როგორ იღებს კვლევითი სამსახური გადაწყვეტილებებს.

დაგეგემილია შეხვედრები წარმომადგენლობითი პალატის გენერალურ მდივანსა და OPEN WORLD LEADERSHIP CENTER-ის პროგრამის მენეჯერთან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.