პარლამენტის სხდომაზე სიტუაცია დაიძაბა

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიცია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისგან, თამარ ჩუგოშვილისგან ითხოვდა, დღის წესრიგში შეეტანათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების განხილვა, მათ შორის გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი.

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური დაიწყო, რის შემდეგაც თამარ ჩუგოშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ვითარება გამწვავდა ნიკა მელისა და შოთა ხაბარელს შორის. მათ მიკროფონები მოგლიჯეს. ამის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა.

ოდნავ მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტში ვითარება უკიდურესად  დაიძაბა – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მამუკა მდინარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ პლენარული სხდომაზე 10 -წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

დღეს პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. უმრავლესობამ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა შეარჩია.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა 21 ივნისს  დატოვა.