პარლამენტი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონს მიიღებს

პარლამენტი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონს მიიღებს. კანონპროექტი, გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, ინიცირებისთვის მზად არის. საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: – სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია და ანრი ოხანაშვილი.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით, რომელიც პარლამენტის ბიუროს 27 მაისის სხდომაზე წარედგინება, შემდეგი სიახლე შემოდის:

კანონპროექტით “პერსონალური მონაცემის“ და “განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის“ განმარტება იცვლება.

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი კი განიმარტება როგორც მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული კავშირის წევრობასთან, ჯანმრთელობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, მსჯავრდებასთან, ნასამართლობასთან, არასრულწლოვნის განრიდებასთან, სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

ზუსტდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები. დგინდება, რომ მონაცემები უნდა შეგროვდეს და მოპოვებულ იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელი ხდება მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. ისინი უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს ან განადგურდეს.

მონაცემები შეიძლება შეინახონ მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

კანონპროექტით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება ვიდეოთვალთვალისა და აუდიომონიტორინგის, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების წესებს.

უშუალოდ სამუშაო ადგილის ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

ამ შემთხვევაში, სამუშაო ადგილის მიხედვით, ყველა დასაქმებული პირი დამატებით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნების შესახებ. ვიდეოთვალთვალის სისტემა და ვიდეოჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისაგან. მონაცემთა დამმუშავებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოჩანაწერებზე წვდომის ყოველი შემთხვევის, მათ შორის, წვდომის დროის, ადგილის და მომხმარებლის სახელის აღრიცხვა, რომელიც იძლევა წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

მონაცემთა დამმუშავებელი, უფლებამოსილი პირი ვალდებული ხდება თვალსაჩინოდ განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ, რომელზეც ასევე ასახული იქნება მონაცემთა დამმუშავებლის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები.

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია აუდიომონიტორინგის საკანონმდებლო ნორმების შემოღება და განისაზღვრება აუდიომონიტორინგის განხორციელების საფუძვლები. აუდიომონიტორინგის განისაზღვრება, როგორც საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიო მონიტორინგი ან/და აუდიოჩაწერა; აუდიომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით; საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით; დისტანციური კომუნიკაციისას; პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია; კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია წინასწარ ან აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე გააფრთხილოს მონაცემთა სუბიექტი ამის შესახებ.

კანონპროექტით, მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მტკიცების ტვირთი, მონაცემთა დამმუშავებელს/უფლებამოსილ პირს ეკისრება.