პეტერბურგში, ეკლესიის რესტავრაციისას, ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა 26 სამარხი აღმოაჩინეს

პეტერბურგში მდებარე კეთილმორწმუნე ფიოდორ ნოვგოროდელის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას, ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა 26 სამარხი აღმოაჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, რუსული სააგენტო „sputnik-georgia.com“ -ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ ნაპოვნია 31 სამარხი, რომელთა შორის, ასევე არის 1861 წლის გლეხთა რეფორმის ერთ-ერთი ავტორის, გრაფ იაკობ როსტოვცევის სარკოფაგიც.

როგორც რუსული პრესა წერს, ფიოდორ ნოვგოროდელის ეკლესია ტურუსტული მარშრუტებიდან მოშორებით მდებარეობს, რის გამოც, სარესტავრაციო სამუშაოები უკვე მეათე წელია, გრძელდება.
საბჭოთა ეპოქაში აღნიშნულ ეკლესიაში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო ჯერ აეროკლუბი, შემდეგ ფიზკულტურული საზოგადოება „სპარტაკი“ და ბოლოს სისხლის გადასხმის სადგური. შესაბამისად, ტერიტორიაზე არაერთი მიშენება გაჩნდა.

ალექსეი ოდინცოვის თქმით, რომელიც ალექსანდრე ნეველის ლავრაში (რომლის შემადგენლობაშიც შედის ფიოდორ ნოვგოროდელის ეკლესია) რესტავრაციისა და არქიტექტურულ-მხატვრული შემკულობის საქმეებს ხელმძღვანელობს, სამარხები დაკონსერვდება და ზემოდან დაჯავშნული მინით დაიხურება.

ალექსანდრე ნეველის ლავრა პირველი და ყველაზე დიდი მონასტერია პეტერბურგში. არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სასაფლაო, სადაც ცნობილ მოღვაწეებს კრძალავდნენ.

სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ლავრის კედლებში 1996 წელს დაიწყო, ხოლო სანკტ-პეტერბურგის ეპარქიას, ლავრა სრულიად 2000 წლის 18 აპრილს გადაეცა.