პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინო წარადგინეს

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ნატურალური ღვინოების პირველ ფესტივალზე ქართული ღვინო წარადგინეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კონტრაქტორი ორგანიზაცია „ვინისფერას“ ხელმძღვანელმა, მარიუშ კაპჩინსკიმ ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება „საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო…“ გამართა, სადაც ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, რესტორნის მეპატრონეები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. მარიუშ კაპჩინსკი მათ ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიაზე, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე ესაუბრა.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, სხვადასხვა ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლონეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია, სადაც, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ს აღწევს.