ვლადიმერ პუტინი: რუსეთი მზადაა სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება დატოვოს

თუ ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის  ხელშეკრულების განახლებით დაინტერესებული არ არის, რუსეთი მზად არის ამ შეთანხმებას გამოეთიშოს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. ინფორმაციას “ამერიკის ხმის” რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

კრემლის ლიდერის თქმით, რუსული სისტემები რუსეთის უსაფრთხოების გარანტიას საკმაოდ დიდი ხნით იძლევა, ამიტომ ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება რუსეთისთვის აუცილებელი არ არის.

პუტინმა დასძინა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე 2021 წელს, აღარ იარსებებს ინსტრუმენტი, რომელიც “გამალებულ შეიარაღებას” შეაჩერებს.

ახალი START, აშშ-სა და რუსეთს შორის 2010 წელს, პრაღაში დადებული შეთანხმება, გულისხმობს განთავსებული სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირებას. მისი მოქმედების ვადა 2021 წელს სრულდება, თუ მხარეებმა კიდევ ხუთი წლით არ ისურვეს ვადის გახანგრძლივება.

თებერვალში აშშ-მა უარი თქვა მონაწილეობაზე ბირთვული იარაღის შეზღუდვის სხვა ხელშეკრულებაში, რომელიც 1987 წელს დაიდო და რომელიც საშუალო სიშორის რაკეტებს ეხებოდა. აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ამ შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

წყარო: imedinews.ge