რას ნიშნავს წილხვდომილობა?

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესების ინიციატივა, ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს საპატრიარქომ გამოთქვა, საკანონმდებლო ორგანომ კი, ოფიციალურად წელს დაამტკიცა.

სტატიაში გაგაცნობთ, რა შინაარს და აზრს ატარებს აღნიშნული დღესასწაული, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გააჩინა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისადმი, პიროვნული სიწმინდის გამო, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ არამარტო ქრისტიანულ, არამედ სამყაროს ისლამურ ნაწილსაც.

წმინდა მარიამი სამყაროს პირველ ქალად და მფარველ დედადაა მიჩნეული, ის ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოში არ უჩივიან, თუმცა დღესასწაულის დაწესებამ ცხადყო, რომ ისტორია ნამდვილად გვაქვს გასახსენებლი.

იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ, ახალი ქრისტიანული რჯული წარმართულ სამყაროში გავრცელებას მოითხოვდა.

იესო ქრისტე მოციქულებს სულიწმინდის მოვლენას დაჰპირდა და აღასრულა კიდეც. მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი დაიწყეს, რამაც სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგება შესაძლებელი გახადა.

მოციქულებმა წილი ყარეს და საქადაგებლად სხვადასხვა ქვეყნა აირჩიეს.

თავის მხრივ, წმინდა მარიამმაც მოინდომა მისიონერობასა და რჯულის გავრცელებაში მონაწილეობის მიღება.

მას საქადაგებლად საქართველო ხვდა წილად. საღმრთო გარდამოცემით, წმინდა მარიამი ამ დროისთვის 60 წელს იყო მიტანებული.

როგორც ქრისტიანული სწავლებითაა ცნობილი, ღვთისმშობელს თავის მიერ წილადხვდომილი საქართველო მეტად შეყვარებია და ქადაგების ძლიერი სურვილიც გასჩენია, თუმცა მას, ზეცად ამაღლებული ძე გამოეცხადა და აუწყა, რომ უკვე მისი ზეცად გადასვლის დრო მოახლოებულიყო, ამიტომ უმჯობესი იყო, საქართველოში, ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, ანდრია მოციქული გაეგზავნა.

ღვთისმშობელი მეტად დაამწუხრა ზეციურმა უწყებამ და იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ვერ გამოემგზავრებოდა, თუმცა მან ძისგან პირობაც მიიღო, რომ არ იქნებოდა მისი საზეპურო ერი მიტოვებული.

დამწუხრებულმა, თუმცა, ამავე დროს, დაიმედებულმა წმინდა მარიამმა, ანდრია მოციქულს შემწედ ხატი გადასცა და საქართველოში საქადაგებლად გამოუშვა. ისტორიიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წილხვდომილობაში ღვთისმშობლის მიერ განსაკუთრებული მფარველობა იგულისხმება. წილად ხვდომილ ქვეყანას მარიამი განსაკუთრებით მფარველობს და მის სულიერ მდგომარეობაზეც განსაკუთრებით სწუხს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არ არის დედა ღვთისმშობლის რჩეული ერთადერთი ქვეყანა.

განსაკუთრებით საყვარელი და ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ მყოფი გახლავთ ასევე, საბერძნეთში მდებარე ათონის მთა, სადაც დღეს სამონასტრო ცხოვრება ყვავის.

საქართველოსგან განსხვავებით, წმინდა მარიამმა, ათონის მთა ხორციელი ცხოვრების დროს მოინახულა.