რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „პროფესიული განათლების შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე  საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი – „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, პირველი მოსმენით განსახილველად საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ წარადგინა.
„ეს კანონი, რომელიც ოქტომბერშია მიღებული, მოიცავს და გულისხმობს პროფესიული განათლების სისტემის მრავალი კუთხით განვითარებას, მათ შორის, არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობას”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ პროექტის წარდგენისას.
მისი განმარტებით, დღეს  შრომის ბაზარზე არსებობს უამრავი ადამიანი ამა თუ იმ სფეროში მუშაობის კონკრეტული გამოცდილებით, თუმცა ისინი ვერ ექცევიან ფორმალური განათლების სისტემაში, არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მომავალში განვითარდნენ და პროექტი სწორედ ამ მიმართულებით სიახლეს, არაფორმალური განათლების აღიარებას გულისხმობს.
ირინე აბულაძის თქმით, ამ კუთხით, დიალოგი კერძო სექტორთან უკვე დაწყებულია.
„ჩვენ კერძო სექტორთან დავიწყებთ კონკრეტული სერტიფიცირების მოდელებზე შეთანხმებას, რის საფუძველზეც აღნიშნული სეგმენტი მოახდენს კონკრეტული პირის სამუშაო გამოცდილებაზე დაფუძნებული კომპეტენციის აღიარებას. კერძო დამსაქმებლების შემოყვანა არის არ მხოლოდ ერთ-ერთი აღიარებული პრიორიტეტი, არამედ, კერძო სექტორი და სახელმწიფოს თანამშრომლობა იქნება ძალიან მსხვილი მიმართულება და სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება საფასურის დადგენა და ეს ყველაფერი მოექცევა იმ სტანდარტების ჭრილში, რაც პროფესიული განათლების ნაწილში არსებობს”,- განაცხადა ირინე აბულაძემ.
მისივე განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებების მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი უკავშირდება ავტორიზაციას.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ნორმებს, რომელიც ცალსახად დაადგენს მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი კოლეჯის, საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილებას ავტორიზაციის დარჩენილი ვადით. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ხელახალი ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში, მილევად რეჟიმში დაასრულებინებს სწავლას აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს და მიანიჭონ კვალიფიკაცია არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული თარიღი განისაზღვრა პროგრამების ხანგრძლივობების გათვალისწინებით, ისე რომ 2019 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხულმა ყველა პროფესიულმა სტუდენტმა შეძლოს შესაბამის პროგრამაზე სწავლის დასრულება და უზრუნველყოფილ იქნეს მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.
გარდა ამისა, კანონის წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება, რომ ავტორიზაციის ვადის გასვლის, გაუქმების, ავტორიზაციაზე უარის თქმის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, კოლეჯის ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებულ სტუდენტებს შეეძლებათ მობილობის გზით მსგავს პროგრამაზე გადასვლა.
კანონის პროექტი, ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი რეგულაციების გავრცელებას არა მხოლოდ კოლეჯზე, არამედ, „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც.
2018 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც გათვალისწინებულია პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნა. ამისათვის, კანონი ითვალისწინებს 2 წლიან ვადას და აღნიშნულ ვადაში, საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ ახალი კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მომზადება და მიღება.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.