რეგიონულ კონფერენციაზე საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში ოპოზიციის როლსა და საზოგადოების ჩართულობაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისა (OSCEPA) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების (NDI) მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისა და „ვესტმინისტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ მხარდაჭერით, პარლამენტში ორდღიანი რეგიონული კონფერენცია – „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“ მიმდინარეობს. როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციის მეორე სამუშაო დღე საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში ოპოზიციის როლს, მოქალაქეებთან ურთიერთობა და საზოგადოების ჩართულობას და საპარლამენტო ზედამხედველობაში ადამიანის უფლებების პრიორიტეტულობის საკითხების განხილვას დაეთმო.
მათივე ცნობით, საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში ოპოზიციის როლზე გამართული სესია პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვენეციის კომისიის საპატიო ვიცეპრეზიდენტმა – ჰანა სუჰოსკამ გახსნა. მისი შეფასებით, პოლიტიკური პროცესის მონიტორინგისა და კონტროლის პროცესში ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანია და როდესაც სუსტდება ოპოზიციის გავლენა, პარლამენტი ავტოკრატიის გზას ადგება. „ვენეციის კომისიაში შესწავლილი მასალების ანალიზზე, ბოლო 9 წლის პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ოპოზიციის როლის უგულებელყოფა ხდება და პოლიტიკურ პროცესებზე მათი გავლენა მცირდება. ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის კრიტიკა კი უმრავლესობის მხრიდან დესტრუქციულ ელემენტებად აღიქმება, ყოველივე ეს კი, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის არაჯანსაღ დამოკიდებულებას წარმოშობს“, – განაცხადა ჰანა სუჰოსკამ.
მისივე აზრით, უმრავლესობა ვალდებულია პატივი სცეს უმცირესობის მოსაზრებებს, იმ პოლიტიკური ჯგუფების აზრს, რომლებიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ. ვენეციის კომისიის საპატიო ვიცეპრეზიდენტის შეფასებით, ოპოზიციას უფლება აქვს მთავრობის საქმიანობაზე მიიღოს ინფორმაცია, დასვას კითხვები და მათზე სრულყოფილი პასუხები მოისმინოს.
ოპოზიციის როლზე თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც საპარლამენტო მოდელზე ცოტა ხნის წინ გადავიდა, შესაბამისად, საპარლამენტო ცხოვრების გარკვეული პროცედურები თანდათან ყალიბდება. პარლამენტის წევრმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები და პარლამენტის განახლებული რეგლამენტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ინტერპელაციის პროცედურა, თუმცა იგი აქტიური დებატების გამართვის საშუალებას არ იძლევა. ინაშვილის განცხადებით, მთავრობისა და ოპოზიციის ურთიერთობები ეფექტურ შედეგს ვერ იძლევა, რადგან მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნების და რეკომენდაციებისა, მთავრობის წევრები ყველაფერს აკეთებენ ისე, რასაც ისინი თვლიან სწორედ და არ ხდება ოპოზიციის აზრის გათვალისწინება. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, იგივე პრობლემაა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებითაც, რადგან პარლამენტი მხოლოდ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს უჭერს მხარს და ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივების გათვალისწინება არ ხდება. „საპარლამენტო მოდელის ფარგლებში უმრავლესობას და ოპოზიციას ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის კონფერენციები, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ვეცნობით. მნიშვნელოვანია, რომ საზედამხედველო პროცესებში საზოგადოების ჩართულობა იყოს გარანტირებული და ჩვენი ამომრჩევლის წუხილი მთავრობას მიეწოდოს. მზად ვართ, ამ თემებზე უმრავლესობასთან ვითანამშრომლოთ, რათა შესაბამისი ცვლილებები მომზადდეს. თავის მხრივ, მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გაიაზროს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციის შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინება და გააცნობიეროს, რომ იგი არ არის ერთი პარტიის მთავრობა“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
კონფერენციის აღნიშნულ სესიაზე, ოპოზიციის როლის მნიშვნელობაზე საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ახალი რეგლამენტით შემოთავაზებული სიახლეები შეაფასა. მისი განცხადებით, ახალი კანონმდებლობით მთავრობას უძნელდება იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციის მოთხოვნით პარლამენტში მათ დაბარებას. მისივე ინფორმაციით, წინა წლებში, მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარების 12 მოთხოვნიდან, 10-ის იგნორირება მოხდა, დღეისათვის კი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო ხშირად სტუმრობენ საკანონმდებლო ორგანოს. სალომე სამადაშვილმა ახალი რეგლამენტის ის ნორმები გააკრიტიკა, რომელიც მინისტრების პარლამენტში მისვლისას ღია დებატების საშუალებას არ იძლევა. მისივე განცხადებით, ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ევროპის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, სადაც საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობები ოპოზიციის წევრებს უკავიათ. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების მიერ მინისტრის დაბარების უფლებამოსილების კომიტეტისთვის გადაცემის საკითხი, უარყოფითად შეაფასა. მისი განცხადებით, პოლიტიკურ ჯგუფებს ფრაქციის სხდომებზე მთავრობის წევრების დაბარების უფლება ჩამოერთვათ და იგი კომიტეტის კომპეტენციებს გადაეცათ, კომიტეტის თავმჯდომარეები კი პარლამენტში მისულ მინისტრებს მწვავე კითხვებისგან იცავენ და ღია და გახსნილი დისკუსიების გამართვის საშუალება არ არის. მისივე მოსაზრებით, ოპოზიციას საშუალება უნდა მიეცეს მისთვის საინტერესო კითხვებზე სრულყოფილი პასუხები მოისმინოს და მთავრობის წევრის ორი საათით პარლამენტში მისვლაც საკმარისი იქნება ამისთვის. მისივე განცხადებით, მინისტრების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, რაზეც რიგ შემთხვევებში დიდი დრო იხარჯება, ოპოზიციის წარმომადგენლები, ღია დებატების არ ქონის გამო, ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვები „იკარგება“. გიორგი კანდელაკმა მმართველი პოლიტიკური გუნდიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და პრემიერმინისტრი არაფორმალური მმართველის წინაშეა მხოლოდ ანგარიშვალდებული, რაც საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას ართულებს.ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და კონფერენციის დელეგატებს განუმარტა, რომ უმრავლესობა ოპოზიციას საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად ღია და საჯარო სივრცით უზრუნველყოფს. „საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ ოპოზიციამ საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი ადგილი იპოვა და მათი ხმა ყოველთვის ისმის პარლამენტში. კონფერენციის მსვლელობისას, თქვენ დაინახეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ განსხვავებული აზრი, თუმცა მათი გარკვეული მოსაზრებები განმარტებებს საჭიროებს – მათ განაცხადეს, რომ მინისტრები იგნორირებას უწევენ ოპოზიციის მოთხოვნებს და არ პასუხობენ მათ შეკითხვებს მაშინ როცა, სწორედ დღეს, ოპოზიციის მოთხოვნით, პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმყოფება, რათა მათ კითხვებს უპასუხოს! საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოითქვა და მე მინდა მმართველი პარტიის პოზიცია დავაფიქსირო, რომ ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან ერთად იმ რეკომენდაციების შესრულებაზე ვიმუშაოთ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ODIHR-ის მიერ იქნა გამოთქმული. რაც შეეხება არაფორმალური მმართველობის საკითხს – მე მესმის, რომ ყოფილი მმართველი პარტია გაბრაზებულია, რადგან მათ დაკარგეს მთავრობაზე კონტროლი, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია, ეს ხომ არჩევნების გზით მოხდა. ამიტომ, გასაგებია თუ რატომ არიან ბიძინა ივანიშვილზე გაბრაზებულები. არჩევნების შემდეგ იგი გახდა პრემიერ მინისტრი და იყო პოლიტიკური პროცესების მონაწილე. ახლა კი მას პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია და ისევე როგორც წამყვან ევროპულ ქვეყნებში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. რეგიონული კონფერენციის შემდეგი სესია პარლამენტის მოქალაქეებთან ურთიერთობასა და ზედამხედველობის პროცესში საზოგადოების როლის საკითხებს დაეთმო. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ კონფერენციის მონაწილეებს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს მიზნები და ძირითადი ამოცანები გააცნო და აღნიშნა, რომ საბჭო, რომელშიც ყველა პოლიტიკური ჯგუფია წარმოდგენილი, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მნიშვნელოვან ცვლილებებსა და ინიციატივებს განიხილავს. მისივე ინფორმაციით, ერთობლივი მუშაობით სამი ამბიციური სამოქმედო გეგმა მომზადდა, რომლებიც პარლამენტის ღიაობასა და მის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაზეა ორიენტირებული. სესიის განსახილველ თემასთან დაკავშირებით, მოხსენებები “საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა წარმოადგინეს. მათ პარლამენტის მუდმივმოქმედ საბჭოსთან წარმატებულ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე ისაუბრეს. კონფერენციის ბოლო სესიაზე საპარლამენტო ზედამხედველობაში ადამიანის უფლებების პრიორიტეტულობის საკითხებზე იმსჯელეს. მომხსენებლებმა ევროპის პარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წარმომადგენელმა, კაროლინა ფოლკიმ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების მომხსენებელმა, კირიაკოს კირიაკუ ჰაჯიიანიმ საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის და მათი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და ევროპული ქვეყნების მაგალითები განიხილეს. აღინიშნა, რომ მაშინ როცა მთავრობების ვალდებულებას წარმოადგენს ყველა ადამიანის მიერ ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა, პარლამენტს პასუხისმგებლობა აკისრია, ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის მიერ ამ ვალდებულებების შესრულებას. კონფერენციის დასკვნითი ნაწილი ორდღიანი ღონისძიების შეჯამებას დაეთმო. OSCE/ODIHR-ის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარჩინ ვალეცკიმ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის გენდერული საკითხების პროგრამის უფროსმა მრჩეველმა, თეონა ყუფუნიამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აღმასრულებელი ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეას ბაკერიმ საქართველოს პარლამენტს და კონფერენციის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, ღონისძიების გამართვისთვის მადლობა გადაუხადეს. აღინიშნა, რომ ორდღიანი დისკუსიების და მოხსენებები შესახებ სპეციალური ანგარიში მომზადდება, რაც სამომავლოდ სადისკუსიო თემების შერჩევისას იქნება გათვალისწინებული. მომხსენებლებმა შემდგომი შეხვედრების გამართვის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. კონფერენციაზე დასკვნითი სიტყვით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგული მაღრაძე გამოვიდა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ორი დღის განმავლობაში საინტერესო დისკუსიას უმასპინძლა და კონფერენციაზე გამოთქმული აზრები, მოსაზრებები და რეკომენდაციები დაეხმარება საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო საქმიანობის უკეთ განხორციელებაში. „მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები აისახოს პარლამენტის საქმიანობაში, ჩვენ კი ეს მოსაზრებები მთავრობამდე უნდა მივიტანოთ და თუ არ გვექნება ზედამხედველობის ქმედითი ბერკეტები, მაშინ პარლამენტს გაუჭირდება ხალხის ხმის მთავრობამდე მიტანა“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ. მანვე საზედამხედველო პროცესში ოპოზიციის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ოპოზიციას დიდი პოლიტიკური სივრცე მიეცა, რაც მათ საზედამხედველო პროცესში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობებს ანიჭებს. „არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოპოზიციისგან მაინც კრიტიკული მოსაზრებები ისმის. ჩვენც ვხედავთ, რომ ახალ მექანიზმებს დახვეწა და მოქნილობა სჭირდება. ვფიქრობ, რომ ორივე მხარე, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, შევძლებთ ამ ხარვეზების გამოსწორებას, რაც საზედამხედველო ფუნქციების ინსტრუმენტებს კიდევ უფრო აქტიურსა და ქმედითს გახდის“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.