რეჯეფ თაიფ ერდოღანი: საუბარიც კი არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ თურქეთმა უარი თქვას რუსული „ეს-400“-ის შეძენაზე.

თურქეთი იცავს რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებაზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მის კომენტარს „ევრონიუსი“ „როიტერის“ სტამბულის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერდოღანის განცხადებით, საუბარიც კი არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ თურქეთმა უარი თქვას რუსული „ეს-400“-ის შეძენაზე. ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ აშშ-ის ალტერნატიული წინადადება მათთვის ანალოგიური ამერიკული იარაღის „პეტრიოტის“ მიწოდების შესახებ არ იყო იმდენად კარგი, როგორიც რუსეთის შეთავაზებაა.

თურქეთის მიერ რუსული იარაღის შეძენამ შეაშფოთა აშშ-ც და თურქეთის სხვა ნატოელი მოკავშირეებიც. ისინი აცხადებენ, რომ „ეს-400“ შეუთავსებელია ნატო-ს სისტემებთან. თურქეთმა შესაძლოა ამის შემდეგ ვეღარ მიიღოს ამერიკული თვითმფრინავები „ეფ-35“-ები, რომლის შესახებაც შეთანხმება ასევე მიღწეულია და თურქი მფრინავები აშშ-ში უკვე სწავლობენ ამ თვითმფრინავების გამოყენებას.

წყარო: ww.interpressnews.ge