„რისკის ქვეშ არის ჩემი და ვახას სიცოცხლეც” – სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სამართალდამცავებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, არსებული მდგომარეობის გამო, როგორც მისი, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.

„რისკის ქვეშ არის ჩემი და ვახას სიცოცხლეც. მე, არანაირად არ ვარ შურისმაძიებელი და არც ვაპირებ კანონს იქით გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. ან, პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში. ამიტომ, მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ ჩემი და იმ ადამიანის მიმართ“, – განაცხადა გოგაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა კითხვას, რომელიც პროკურატურას, ჩატაევის შემოყვანასა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მის მიმართ ექნება, პასუხი გასცეს.