რის საფუძველზე დააკავეს ბათუმის ყოფილი მერი და მაღალჩინოსნები – აუდიტის დასკვნა

გენერალური პროკურატურის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა, რომელიც უწყებამ 2018 წლის 12 იანვარს გამოაქვეყნა.
დოკუმენტი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ფინანსურ აუდიტს ეხება.
აუდიტის დასკვნის თანახმად, 2016 წელს ბათუმის მერიაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები.
უწყების განმარტებით, 2016 წელს ბათუმის მერიამ 1,430,342 ლარი ავანსად გადაურიცხა კომპანიას, რომლის გარანტორი ბანკიც სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა.
დოკუმენტით ირკვევა, რომ ბანკი, რომელიც პროკურატურამ არ გაასაჯაროვა, „ბაზისბანკია“, ხოლო ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლების“ პროექტი უნდა განეხორციელებინა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის ფილიალი „კონვენტ ჯორჯია“, რომლის შეთავაზებულმა ფასმაც 4,279,990 ლარი შეადგინა. კომპანიას პროექტი “იაფი სახლები” ბათუმში იმ უსახლკარო ოჯახებისთვის უნდა განეხორციელებინა, რომლებიც 5-7 წელზე მეტხანს ბათუმში ცხოვრობდნენ და საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდათ. საცხოვრებელი კორპუსი ორასბინიანი უნდა ყოფილიყო. ბათუმის მერია მათ თავის დროზე ბინების თვითღირებულების ფასი შესთავაზა, რასაც 10 წელზე გადაუნაწილებდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონოდა ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის არანაკლებ 10 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები.
„კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რეგისტრირებული შპს „კონვენტის“ მიერ 2012-2013 წლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ.
როგორც აუდიტის სამსახური დასკვნაში უთითებს, შპს „კონვენტს“საცხოვრებელი სახლების ან შენობების მშენებლობის გამოცდილება არ ჰქონია და, წარდგენილი ხელშეკრულებებითაც, მას მხოლოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჰქონდა შესრულებული.
ამის შემდეგ „კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას დამატებით წარუდგინა კონტრაქტორი კომპანიის – შპს „მეგაპოლის-2012-ის“ წერილი, რომელშიც წერია, რომ შპს „კონვენტმა“ ააშენა სასტუმრო „რამადა“, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავად სასტუმრო „რამადას“ მშენებლობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული კონტრაქტის შესრულების სერტიფიკატი მხოლოდ ლანდშაფტის, გამწვანების, სარწყავი და საირიგაციო სისტემის, ელექტროობის, წყლისა და კანალიზაციის აუზის, შადრევნისა და სახანძრო უსაფრთხოების სამუშაოებს ითვალისწინებდა და არა – თავად სასტუმროს მშენებლობას. სატენდერო კომისიამ კი არც წერილის ნამდვილობაზე იმსჯელა და არც იმაზე, თუ რამდენად შეიძლება, ყოფილიყო ეს წერილი გამოცდილების დამადასტურებელი მტკიცებულება.
აუდიტისთვის მერიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, ასევე, ირკვევა, რომ პრეტენდენტს საერთოდ არ ჰქონდა ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციების ტექნოლოგიის გამოყენებით მშენებლობის გამოცდილება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ კომპანია სატენდერო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა და მისი დისკვალიფიკაცია უნდა მომხდარიყო. ამის ნაცვლად კი სატენდერო კომისიამ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო პირობების შესაბამისად მიიჩნია და „კონვენტ ჯორჯიასთან“ 4,279,990 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, „კონვენტ ჯორჯიას“ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 365 დღის განმავლობაში – 2016 წლის 14 დეკემბრამდე უნდა განეხორციელებინა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ( 2.1.2 საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოები).