როენა ხუცურაულს, იგივე „მამიდას“, ბრალი წარუდგინეს

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ბრალი „მამიდასთან“ ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს წარედგინა.
როენა ხუცურაულის ადვოკატ არჩილ დვალიშვილმა განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის მხარე, სასამართლო პროცესზე, ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

„ჩვენი შუამდგომლობა იქნება, საქმე საერთოდ შეწყდეს; ალტერნატივის სახით, შევთავაზებთ 30 000 ლარს, რადგან როენა ხუცურაული არის უდანაშაულო. საქმეში არ არის ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც ბრალდების მხარეს საფუძველს მისცემს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობა მოითხოვოს“, – განაცხადა ადვოკატმა.
დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, გუშინ სამი პირი, მათ შორის, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული დააკავეს.