რუსეთის ავიაცია ავიაკომპანიებს, ავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინსტრუქციების ჩაუტარებას ურჩევს

რუსეთის ავიაციამ შერემეტიევოს აეროპორტში Sukhoi Superjet 100 თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიების შედეგებზე დოკუმენტი მოამზადა. ამონარიდებს დოკუმენტიდან სააგენტო РИА Новости აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, თვითმფრინავის მიმართ, რომელიც დაშვებისას დაზიანდა და აალდა, პრეტენზიები პრაქტიკულად არ არსებობს. ყველაზე მეტი კითხვა ეკიპაჟის მისამართით დაისვა. კერძოდ, დაშვება მაქსიმალური დასაშვები მასის გადამეტებით განხორციელდა.
„თვითმფრინავის მასა, დასაფრენ ბილიკზე შესვლისას, დაახლოებით 42600 კილოგრამს შეადგენდა, რაც 1600 კილოგრამით აღემატებოდა დასაფრენად შესვლისას მაქსიმალურად დასაშვებ მასას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება დაშვების სიჩქარეს, ის შეადგენდა 155 -160 კვანძს (287-296 კმ/სთ). საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების თანახმად, დაშვებისას თვითმფრინავის სიჩქარე არსებული პირობებისთვის 155 კვანძს შეადგენს, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავის მთავარმა პილოტმა, მექანიკური მართვისას, რამდენჯერმე დიდი ამპლიტუდით გადაწია საჭე. ამას დაშვებისას მოჰყვა გადატვირთვა, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ნორმას, რის შედეგადაც, თვითმფრინავი დაზიანდა.
„აეროფლოტის“ თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, 5 მაისს, საღამოს, შერემეტევოს აეროპორტში 28-წუთიანი ფრენის შემდეგ ავარიულად დაეშვა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე მოახერხა. დაშვებისას, თვითმფრინავის ძრავები აალდა. ავიაკატასტროფის შედეგად 78-დან 41 ადამიანი დაიღუპა.