რუსეთის სავტომობილო წარმოება ფართოვდება – პოდმოსკოვიეში „მერსედესის“ ქარხანა გაიხსნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პოდმოსკოვიეში „Mercedes“-ის ქარხნის გახსნაზე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მომავალშიც დაუჭერს მხარს მსგავს პროექტებს უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით, რაც ავტომობილების წარმოებისა და მომხმარებლის ინტერესებს შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ინტერნეტ-გამოცემა ავრცელებს.

 

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ კოლეგებს „Mercedes-Benz“-ის კომპანიიდან იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და პრაქტიკულად უკვე რეალიზებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა გახსნის ცერემონიაზე და დასძინა, რომ ქარხნის მშენებლობას მხოლოდ წელიწადნახევარი დასჭირდა.

„მსგავს პროექტებს, რომლებიც ხორციელდება როგორც რუსული, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ, მომავალშიც დავუჭერთ მხარს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მოსაზრებით, რომ ამას მოსდევს რუსული საავტომობილო წარმოების კომპეტენციის ამაღლება, მისი შესაძლებლობების გაფართოება და, რასაკვირველია, ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნილების დაკმაყოფილება“, – ხაზი გაუსვა რუსეთის ლიდერმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის ბაზარი ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესია.

„გასულ წელს მსუბუქი ავტომობილების წარმოება 15%-ით გაიზარდა, გაყიდვების მაჩვენებელმა კი 13%-ით მოიმატა“, – დააზუსტა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა „Mercedes“-ის ავტომობილების მაღალ ხარისხზეც მიუთითა და დასძინა, რომ ეს მანქანები, რუს მომხმარებელთა შორის, ნამდვილად პოპულარობას დაიმსახურებს.

„იცით, რომ თქვენი მონა-მორჩილი და არაერთი კოლეგა სარგებლობდა და დღემდე სარგებლობს „Mercedes“-ის ავტომობილებით, რომელსაც მთელ მსოფლიოში უმაღლესი კლასის ავტომობილის ნიშა აქვს დაკავებული. რუს მომხმარებლებს შორის „Mercedes“ ნამდვილად პოპულარობით ისარგებლებს“, – განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტმა ცერემონიის მონაწილეებს ქარხნის გახსნა მიულოცა და წარმატება უსურვა მათ, ვინც პროექტი განახორციელა, ვინც მომავალში მის განვითარებაზე იზრუნებს და საწარმოში იმუშავებს.