რუსეთში ძაღლების მკვლელი ქალი მამაკაცმა სასტიკად დასაჯა

სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები 26 წლის ქალი, სახელად ანასტასია, საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც ის ერთ-ერთმა ძაღლის პატრონმა სასტიკად დასაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პრესა ავცრელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანასტასიამ საკუთარ თავზე აიღო ქუჩის ძაღლების წინააღმდეგ ბრძოლა, რისთვისაც ეზოებში ძლიერი საწამლავით გაჯერებულ ხორცს ყრიდა.

ინციდენტი მეტრო „სპასკაიას“ მიმდებარედ მოხდა. ანასტასია ერთი კვირის განმავლობაში ალაგებდა ტერიტორიაზე საწამლავს, რასაც არა მარტო ქუჩის, არამედ ოჯახის ძაღლებიც შეეწირნენ. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ მკვლელი ადგილობრივ მცხოვრებ მამაკაცს არ გადაეყარა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.

მამაკაცმა თავდაპირველად სცადა აეხსნა დოგჰანტერისთვის, რომ არასწორად იქცეოდა. მაგრამ ახალგაზრდა ქალი არ შეეპუა და მალე საუბარი ჩხუბში გადაიზარდა.

როგორც პრესა იუწყება, ამის შემდეგ, მოთმინებადაკარგულმა მამაკაცმა საწამლავიანი ლუკმა ძალით „ჩათხარა ყელში“ ქალს და აიძულა, გადაეყლაპა.
ანასტასია საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას კუჭის გამორეცხვისა და სხვა პროცედურები ჩაუტარდა.

ირკვევა, რომ ქალი მამაკაცის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას არ გეგმავს, ვინაიდან თავადაც ეშინია, რომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით არ დაისაჯოს.