რუსთაველზე დაზარალებულ ახალგაზრდა მსახიობს ექიმებმა თვალი შეუნარჩუნეს

გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს დაზარალებულ ახალგაზრდა მსახიობს, დემეტრე ნაყოფიას, რომელსაც რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, ექიმებმა თვალი შეუნარჩუნეს.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ახლახან გავრცელდა. ექიმები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დაზარალებული ახალგაზრდისთვის თვალის შენარჩუნებას. ოპერაცია ცოტა ხნის წინ წარმატებით დასრულდა.

დემეტრე ნაყოფიას მეგობარი ნიკა ლაშხია სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის და ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“მეგობრებო, ჩემს მეგობარს, დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს. მადლობა ექიმებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, სასწაული ჩაიდინეს.

დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას”, – წერს დაზარალებული ახალგაზრდის მეგობარი.