რუსუდან შარაძე: “გურამ შარაძის საჯაროდ დახვრეტიდან 12 წლისთავზე, მედიაში არცერთი სიტყვა არ თქმულა”

12 წლის წინ დახვრეტილი გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე, მამის გარდაცვალების თარიღს სოციალური ქსელით ეხმაურება და ქართული მედიის იმ წარმომადგენლებს საყვედურობს, რომლებსაც ეს დღე არც კი გახსენებიათ.

მისი თქმით, გურამ შარაძე სახელისუფლებო მედიისთვის მიუღებელი გახდა, რადგან ხელისუფლება ხელს აფარებს მის მკვლელებს.

“იტყვი რამეს და,  წყინთ. არადა, დღეს, გურამ შარაძის საჯაროდ დახვრეტიდან 12 წლისთავზე, მედიაში არცერთი სიტყვა რომ არსად თქმულა, ეს ნორმალურია?

სააკაშვილის დროსაც კი, მამაჩემის მკვლელობის თემაზე, ასეთი საყოველთაო სიყრუე არ ყოფილა.
მიზეზზე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მიშას დროს, პატარა, მაგრამ ოპოზიციური მედია, ასე თუ ისე, ერთიანი იყო (მთავარ საკითხებში მაინც). ჩვენ საერთო მტერი გვყავდა – მამაჩემის მკვლელი ხელისუფლება. მიუხედავად ტოტალური კონტროლისა, რასაც რეჟიმი პრესის წინააღმდეგ ეწეოდა, მაშინდელ ოპოზიციურ მედიაში, ავად თუ კარგად, მამაჩემის მკვლელობის თემა არ გაციებულა.

რა ხდება დღეს?

ნაცური მედია რაც იყო, დარჩა და კიდევ უფრო გაძლიერდა, თავისი დანაყოფებით. ბუნებრივია, ნაცმოძრაობის ორივე დაჯგუფისთვის მიუღებელია გურამ შარაძის მკვლელობის თემა, საკუთარ თავს ხომ არ ამხელენ?!

ასევე, მიუღებელი გახდა გურამ შარაძე სახელისუფლებო მედიისთვის, რადგან მე დავამტკიცე, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს გურამ შარაძის მკვლელებს და ამიტომ, არ სურთ ამ თემის წამოწევა.
მიწვევდენენ, მხოლოდ, მაშინ, სანამ ძველ წლებზე ვსაუბრობდი. აი, როდესაც ,,ოცნებაზე“ და კერძოდ, სუს-ზე გადავედი, იქ ჩამკეტეს.

მოკლედ, რაღა დავამატო. იმდენია სათქმელი, საიდან უნდა დავიწყო და სად დავამთავრო, არ ვიცი.

ვისაც არა აქვს ფბ, ალბათ, ჩემზე ფიქრობს, ჩაიქნია ამ ქალმა ხელი, დაანება თავი მამამისის მკვლელობის საქმესო…

ესეც თქვენი თავისუფალი პრესა!

P.S. მე ბოდიშს ვიხდი თითო-ოროლა მოკრძალებული მედიასაშუალების წინაშე, რომელსაც არც სუს-ი და არც ნაცმოძრაობა არ აკონტროლებს. მადლობა ღმერთს, რომ იმედად, ვიღაცა სადღაც არსებობს. არ ჩამოვთვლი, რადგან მაინც მეუხერხულება დაყოფა. თუმცა, რთული არაა. როცა თითებზე ვითვლიდი, ორი მტევანი არ დამჭირდა,”- წერს რუსუდან შარაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისის ცენტრში მოკლეს.