სააკაშვილმა „ვარდების რევოლუცია“ წმინდა გიორგის სახელს მიაწერა … სალომე ზურაბიშვილს კი ტალახი ესროლეს – პეტრე კოლხი

„TV პირველის“ ეთერში მამა პეტრე (კოლხი) სალომე ზურაბიშვილის მიერ წმინდა ნინოს გზის გავლაზე საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას გამოეხმაურა.

„საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი ქალი, იღებს ასეთ მსვლელობაში მონაწილეობას. ეს კარგი მესიჯი იყო, რადგან ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ამ ფონის მიუხედავად, ხალხი მაინც აჰყვა ამ მსვლელობას და ჩავიდა ფოკას მონასტერში.

მე ძალიან მიკვირს საზოგადოების იმ ნაწილის აგრესია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს ქვა და ტალახი ესროლა“, – განაცხადა პეტრე კოლხმა.

მან ასევე გაიხსენა „ვარდების რევოლუციიდან“ ფიცის დადებამდე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლები და განცხადებები.

ასევე გაიხსენა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ასლან აბაშიძისგან გათავისუფლება, რომელიც ასევე გიორგობის დღესასწაულს დაუკავშირა და გელათის მონასტერში დადებული საპრეზიდენტო ფიცი.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ქვეყნის სათავეში მოვიდა, მან ე.წ. ვარდების რევოლუცია წმინდა გიორგის სახელს მიაწერა. და თქვა, რომ – თავისუფლების გზაზე წმინდა გიორგი მიგვიძღვის.

შემდეგ წელს, 6 მაისს მან გადაწყვიტა, რომ ქობულეთიდან აჭარა გაეთავისუფლებინა ასლან აბაშიძისგან ასევე გიორგობა იყო. ეს დღეს ამას მიაწერა. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს, მაშინ ამ ნაბიჯს ტაშს უკრავდა. როდესაც სააკაშვილი გელათში ჩავიდა და დავით აღმაშენებლის საფლავზე დაიფიცა, რომ ის აფხაზეთს დაიბრუნებდა. ფიცი ფიცად დარჩა.

მე ვინატრებდი, რომ ეს განხორციელებულიყო. ის ნაწილი, რომელიც სალომეს აკრიტიკებს საინტერესოა, მაშინ, მიშას დროს რამდენად გულწრფელები იყვნენ“, – განაცხადა პეტრე კოლხმა.

წყარო: primetime.ge