„სადაა ჩვენი სახელმწიფობრიობა, რას ვზეიმობთ ხვალ?“ – ირმა ინაშვილი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი კახეთში, დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და სოციალური ქსელის საშუალებით, პარტიის პოლიტსაბჭოს მსჯელობის გეგმას აანონსებს:
„ყველაზე რეალური სურათი და ინფორმაცია, რა ხდება დავით გარეჯში, აქვს არქიმანდრიტს, მამა კირიონს. რასაც გუშინ ვვარაუდობდი და ვწერდი, აზერბაიჯანული მხრიდან არავითარი სამუშაოები არ შეჩერებულა. პირიქით, გრძელდება. პირდაპირ უნდა დავაყენოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი: როგორ ხდება, რაც ხდება. რატომ ხდება, რაც ხდება, სადაა ჩვენი სახელმწიფობრიობა, რას ვზეიმობთ ხვალ?
რაც შეეხება აქტიურ ქმედებებს. კარგია, რომ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი აქტიურობს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მობილიზაცია, მომზადება აუცილებელია. ამ წუთებში ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს მოქმედების გეგმაზე. 5, 10 ან 20 კაციანი რაზმებით ჩასვლას აზრი კი აქვს, მაგრამ არ იქნება ეფექტური. მინიმუმ 5000 კაცი უნდა ჩავიდეთ. ხოლო როცა ჩავალთ, როგორ ვიმოქმედებთ? ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენი ქართული მოვალეობა გვკარნახობს – არ დავთმობთ არც დავით გარეჯას და არც სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ქართულ მიწებს. შეკრების დროს და ადგილს ხვალ აქვე, ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნებ. დიდ ღალატს აქვს ადგილი და ყველა მოღალატე აგებს პასუხს.“- წერს ირმა ინაშვილი.