სავედრებელი თიბათვის მზეს – როგორც ღვთის ხატს

ივნისს ძველქართულად თიბათვე ჰქვია. ივნისის თაკარა მზეში ლიტერატურის მოყვარე ქართველს შეუძლებელია, გალაკტიონის უკვდავი ლექსი – “მზეო თიბათვისა” – არ გაახსენდეს.

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა

ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები

იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით

ფრთებით დაიფარე ამას გევედრები

სწორედ ამ ლექსით გააცილა პოეზიის მეფემ საყვარელი მეუღლე მოსკოვში 1917 წელს. გალაკტიონ ტაბიძე და  ოლღა ოკუჯავა,  ცნობილი ბოლშევიკის, საქართველოს ცეკას პირველი მდივნის მიხეილ ოკუჯავას და, ჯერ კიდევ რევოლუციამდე, 1916 წლის 23 აგვისტოს, შეუღლდნენ.

„მზეო თიბათვისა“ პოეზიის ენაზე თქმული ლოცვაა. მზე ღვთის ხატია, რომლის მიმართაც პოეტი თავის სავედრებელს აღავლენს. გალაკტიონი შესთხოვს თიბათვის მზეს საოცნებო  და საყვარელი ქალის დაცვას.

მზეო თიბათვისა

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა – განსაცდელში თვალნი მიურიდნე.
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხაანმა უნდობარმა , გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა,ამას გევედრები.

“მზეო თიბათვისა” – ასრულებს ზინაიდა კვერენჩხილაძე