სალომე ზურაბიშვილი: ახლა ვკითხულობდი, ერთი პატარა ოდა ხომ არ იყიდება, ეს არის ჩემი დიდი ხნის ოცნება

მაინტერესებს და ახლა ვკითხულობდი, ერთი პატარა ოდა ხომ არ იყიდება. ეს არის ჩემი დიდი ხნის ოცნება და უთუოდ განვახორციელებ, რადგან ესეც არის თქვენი ერთ-ერთი ძალა, რომ აქ არის ის ტრადიციული საცხოვრებელი სახლები შენარჩუნებული, რომელიც ხვალ მოიზიდავს არამხოლოდ ტურისტებს, არამედ მთელ საქართველოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ამბროლაურში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ „მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალში“ მონაწილეობისას განაცხადა.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „როიალ ხვანჭკარას“ ღვინის ქარხანა დაათვალიერა და ხვანჭკარა დააგემოვნა. პრეზიდენტის განცხადებით, რაჭის რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

„ერთ-ერთ სოფელში მიმდინარეობს ოდა სახლების კონსერვაცია-შენარჩუნება და მოხდა მისი სტატუსის დამკვიდრება. ინიციატივით გამოვედი, რომ იუნესკო-ს მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიტანოთ ოდა სახლები, რადგან ეს საქართველოსათვის ძალიან დამახასიათებელი და განსაკუთრებულია. მთელ მსოფლიოში ტურისტები სწორედ იმას ეძებენ, რაც რაჭაშია.

ღვინო, ყველი, ხორბალი, მთა, თოვლი, სილამაზე, თქვენი სიმღერა – ეს ყველაფერი არის ის, რაც დანარჩენ მსოფლიოში არის უფრო და უფრო იშვიათობა, ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და რაჭა გახდეს იმის ნიმუში, როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონი და ამასთანავე, თავისი იდენტობა არ დაკარგოს, შეინარჩუნოს თავისი მკვიდრი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.