სალომე ზურაბიშვილი: „სააკაშვილის ინტერვიუ ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს:

„გაპრეზიდენტების შემდეგ აღვნიშნე, რომ არასდროს გავაკეთებდი კომენტარს სააკაშვილის მოსაზრებებზე, მაშინაც კი, როცა ის პირადად იქნებოდა შეურაცხმყოფელი.

მისი ბოლო ინტერვიუ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან ურთიერთობის შესახებ, ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს.

სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის, რომლებიც საქართველოს გვერდით დგანან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ასეთი სიცრუე და არასწორი ინტერპრეტაცია არის უპასუხისმგებლო და მიუღებელი ყოფილი პრეზიდენტისგან.

ეს არის ნათელი მცდელობა საქართველოსა და მისი მოკავშირეების ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე.

ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი ქვეყნის მადლიერებას ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების განგრძობადი მხარდაჭერისადმი 2008 წლის ომის პერიოდში და მას შემდეგ.

როგორც პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ყველა მსგავსი მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც ძირს გამოუთხრის ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს“.

მიხეილ სააკაშვილმა 11 წლის წინანდელი საომარი მოქმედებების შეფასების დროს მწვავედ გააკრიტიკა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი 2008 სარკოზი მაშინ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი იყო. მისი შუამავლობით გაფორმდა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის იმდროინდელი სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები.