სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა. პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული ფოკიდან მოულოცა.

„მინდა ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წმინდა ნინო ფარავდეს საქართველოს და ჩვენ ყველას, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ, საქართველო გამთლიანდა, გაქრისტიანდა და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. გისურვებთ, მისი მადლი გფარავდეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მსვლელობა სამცხე-ჯავახეთიდან, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან დაიწყო და სავარაუდოდ, სოფელ საღამოსთან დაასრულებს. პრეზიდენტთან ერთად, წმინდა ნინოს გზას 60-მდე მონაწილე გაივლის, რომლებიც 42 დღის განმავლობაში ივლიან მცხეთის მიმართულებით და მსვლელობას 12 ივლისს, სვეტიცხოვლობამდე, მცხეთაში დაასრულებენ. ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ, სხვადასხვა ეპარქიის როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.

მსვლელობამდე, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.