ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე: “სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ეს ფოტოები ზუსტად 1 წლის წინ, 2018 წლის 3 ივნისსაა გადაღებული ვაკის პარკში. ის, რაზეც აქ ვსაუბრობდით, 1 წლის შემდგომ, სიმბოლური დამთხვევის წყალობით, ნაწილობრივ იქნა მიღწეული. დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”, – წერს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.