საქართველომ და რუსეთმა ტვირთის მონიტორინგის შეთანეხმების რეალიზაციის შესახებ იმსჯელებს

საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებისა და საქონლის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებულ შეთანხმების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გადაუჭრელ საკითხებთან დაკავშირებით გასულ კვირაში ბერნში გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით რუსული ინტერნეტ-გამოცემები  ავრცელებენ.

არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მოძრაობის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

„სხდომის მსვლელობისას, რომელიც გაიმართა შვეიცარიის თავმჯდომარეობითა და მხარეების მიერ არჩეული ნეიტრალური კერძო კომპანია SGS-ის მონაწილეობით, რუსულმა და ქართულმა დელეგაციებმა განიხილეს შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გადაუჭრელი საკითხები. შვეიცარიის ხელშეწყობით, წინსვლისთვის გზების ძიება გაგრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამუშაო ჯგუფის შემდეგი სხდომა 2019 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

მხარეებმა არჩევანი შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA-ზე (SGS) შეაჩერეს. მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის გავლით, კონკრეტულად კი სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალებზე.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მას შემდეგ მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება სურს. საქართველოც მომხრეა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.