საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ გარანტიები მიიღო, რომ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.

ბავშვები უკრაინაში, სავარაუდოდ, დღესვე დაბრუნდებიან.

ბავშვების გადაცემის საკითხზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, შს მინისტრის მოადგილე, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლები მსჯელობდნენ.

„საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ. უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ. აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ, ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერსების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე,” – ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.