საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს წევრს ჰოვარდ დინს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესი და ამ კონტექსტში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების რეფორმებზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰოვარდ დინს დეტალურად გააცნო საკონსტიტუციო რეფორმით გათვალისწინებული ის ძირითადი ცვლილება, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ სტუმარს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის მიმდინარეობასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურაზე, ასევე, საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმაზე მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა და მიმდინარე მილიტარიზაცია მთავარი ეროვნული გამოწვევაა. მისივე შეფასებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
ირაკლი კობახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხების მიმართ, საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი. ამ კონტექსტში მან ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ არსებობს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა. ჰოვარდ დინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სტრატეგიული პარტნიორია