საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის „საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის“ რაულ ხაჯიმბას შეხვედრას გმობს.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ რუსეთის ეს ქმედება საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს უხეშად უგულებელყოფს.”

საერთაშორისო თანამეგობრობა „ურყევად“ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკას და „რუსეთის მცდელობების მიუხედავად, საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას არასდროს შეეგუება“.

ვლადიმირ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ერთმანეთს 6 აგვისტოს სოჭში შეხვდნენ.  კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და მისი გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.