საქართველოს საფრანგეთის შს მინისტრი ეწვია

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტოფ კასტანერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია მასპინძლობს.
„საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. აღნიშნული თანამშრომლობის გაძლიერებას საფუძვლად დაედო ერთი წლის წინ გიორგი გახარიას შეხვედრა პარიზში ფრანგ კოლეგასთან – ჟერარ კოლომბთან. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს“, – აცხადებენ შსს-ში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვედრებს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან გამართავს.