საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე აღნიშნავს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგთან” გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინსიტრო ავრცელებს.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

საზეიმო ღონისძიებები საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგთან” 13:00 საათზე დაიწყება. მიწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ნახოს უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტომასალები. საინფორმაციო სტენდებზე წარმოდგენილი იქნება საინტერესო ფაქტები და მოვლენები კულტურულ ღირსშესანიშნაობებსა და გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე.

ტერიტორიაზე ასევე ორგანიზებული იქნება ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. კამპანიის „გააზიარე ცოდნა” ფარგლებში ქართველი მეწარმეები სტუმრებს გაუზიარებენ საკუთარ სამეწარმეო გამოცდილებას. ამავე კამპანიის ფარგლებში გაიმართება ნახატების გამოფენა.

აქვე იმუშავებს ლიტერატურული კაფე, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში იმუშავებენ ანიმატორები, ბავშვებისთვის მომზადებულია გასართობი პროგრამა.

ღონისძიების სტუმრები საზეიმო პავილიონებში ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის მომსახურებას მიიღებენ, გაეცნობიან გზამკვლევებსა და საინფორმაციო ბროშურებს, სასწავლო კურსებსა და ლიტერატურას. ამავე პავილიონებში სტუმრებს დაურიგებენ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამახსოვრო სუვენირებს.

საზეიმო კონცერტი 15:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „ერისიონი”, „შავნაბადა”, „მთის შვილები”, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი” და მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „ერთობა”.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 16:30 საათზეა დაგეგმილი. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სტუმრებს სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება. 17:10 საათზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება.