„საქართველო არის დეპრესიული რეგიონი!“

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს: 

„მილიონჯერ მაქვს დაწერილი, მილიონჯერ მაქვს ჩემს გადაცემებში ნათქვამი ფრაზა – საქართველო არის დეპრესიული რეგიონი!
საქართველო დღეს ზუსტადაც რომ “დეპრესიული რეგიონია”.
დეპრესიული ახალგაზრდა თაობა, დეპრესიული მშობლები, დეპრესიული გარემოცვა, დეპრესიული ქვეყანა, დეპრესიული, დეპრესიული, დეპრესიული . . .
ფინანსური პრობლემები, მასობრივი უმუშევრობა, დასაქმებულთა შიში ხვალინდელი დღის მიმართ და მათხოვრული ანაზღაურება. პირდაპირი ტერორი მედიიდან. დაძაბული გარემო ქუჩაში. დაუცველობის განცდა. პერსპექტივა – ზერო.
ამ დროს საშინელი კონტრასტი “ამა სოფლის მარილებთან”, ანუ „ინფლუენსერებთან“ მიმართებაში, რომლებიც ქმნიან ამ დეპრესიულ ფონს. ქმნიან, რათა მათ კეთილდღეობას, უკვე დამყაყებულ ყოფას, უნიჭობას და მდაბიოობას, სადაც ისე არიან ჩამჯდარნი, როგორც ლოკოკინა თავის ლორწოვან გარსში, საფრთხე არ დაემუქროს.
ისინი რეალურად ის “მარილები” არიან, რომლებიც ხალხს გადაადგილებაში უშლიან ხელს. მათი ნებისმიერი ფრაზიდან, გამოხედვიდან, თუ საქციელიდან საშინელი, დაუფარავი, ამაზრზენი სიყალბე მოდის და არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკანია, ცნობადობის მისაღწევად რაღაც მარაზმის ჩამდენი ეპატაჟისტი, უაზრო coming out (ქამინგ აუტის) გამომცხადებელი არსება, თუ ოდესღაც რაღაც სიმაღლეებზე ასული, შემდგომ დაცლილი, გამოფიტული და იმ ადგილის შენარჩუნებისთვის, ახალგაზრდობისთვის გზების ჩამკეტი ტიპი.
ყოვლად უაზრო და არასაჭირო პრიორიტეტები.
განათლების დონის კატასტროფული ვარდნა.
ფასეულობების დამახინჯება.
ცხადია არის გამონათებებიც, მაგრამ მათ დეპრესიის შემნარჩუნებელი ტიპებისგან ოკუპირებულ და ჩაბნელებულ სივრცეში არამც თუ გაძლიერების, არსებობის გაგრძელების მიზერული შანსი რჩებათ.
მეშინია ამ სიტყვის, მაგრამ ჩემი აზრით, გამოსავალი მენტალური კონტრრევოლუციაა“.